თეა წულუკიანი: ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა მალე მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.
მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ მათი, არამედ ყველას ტრაგედიაა.
“მინდა, მივუსამძიმრო არჩილ ტატუნაშვილის დედას, მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს. ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ მათი ტრაგედია, ეს ჩვენი, ყველას ტრაგედიაა, როდესაც რუსეთის ოკუპაციის პირობებში, დეფაქტო ხელისუფლებასთან ერთად, ამგვარი ტრაგიკული ამბების მომსწრენი ვხდებით. მინდა, როგორც ჩემმა კოლეგებმა უკვე არაერთხელ თქვეს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენი ხელისუფლება ყოველწუთიერად აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ, დე ფაქტო, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ამ საქმეში ჩართულ პირებთან, რათა რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ ცხედარი, იმისთვის, რომ შევძლოთ მას მივაგოთ პატივი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის და რაც მთავარია ოჯახისთვის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხს საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენებს და ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა ეს ფაქტი არ დარჩეს უბრალო ფაქტად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები