არაქართულენოვან აბრებთან დაკავშირებული ქაოსური ვითარება უნდა გამოსწორდეს – გიორგი ალიბეგაშვილი
თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, აბრების არაქართულ ენაზე განთავსების აკრძალვასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის სხვა თვითმმართველი ქალაქების მერებიც გააქტიურდებიან.
როგორც “სითი კვირას” გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა, საჭიროა გამოსწორდეს არაქართულენოვან აბრებთან დაკავშირებით არსებული ქაოტური ვითარება და ამაში მოსახლეობამ და მედიამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.
მისივე შეფასებით, ქაოტური მდგომარეობაა შექმნილი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, მათ შორის, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, კოტე აფხაზისა და ახვლედიანის ქუჩებზე და დედაქალაქის ბევრ თვალსაჩინო ადგილას.
“პირველ რიგში დავიწყოთ ამ ქუჩებით და შემდგომში შესაძლებელია ქალაქის გარეუბანშიც მოვნახოთ ასეთი დარღვევები. ამას კამპანიური ხასიათი უნდა მივცეთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს ამ პროცესში. დროულად დავიწყოთ ზრუნვა, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა სათანადო სიმაღლეზე დადგეს“, – აცხადებს ალიბეგაშვილი.
გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ენის დაცვის დეპარტამენტი სრულფასოვანი სახით უკვე მარტის დასაწყისიდან ამოქმედდება, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან და ქვეყნის სხვა თვითმმართველ ქალაქებთან; დეპარტამენტში ამოქმედდება ცხელი ხაზი, შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, სადაც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, თუ არაქართულ ენაზე განთავსებული ესა თუ ის აბრა, როგორ უნდა შეიცვალოს.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “რეკლამის შესახებ” და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება კრძალავს სხვა ენაზე წარწერის განთავსებას.
“წარწერა უნდა განთავსდეს მხოლოდ სახელმწიფო და ინგლისურ ენებზე და არა სხვა, რომელიმე ენაზე. კომპაქტურად ჩასახლებულ რაიონებში პრიორიტეტულია ჯერ სახელმწიფო ენა, შემდეგ კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის ენა და თუ სურვილი იქნება, აბრები ინგლისურ ენაზეც განთავსდეს. აფხაზეთში აფხაზური ენა აღიარებულია ერთ-ერთ სახელმწიფო ენად. ჩვენ მივესამლებით კახას ამ განცხადებას და ვიმედოვნებ, რომ სხვა თივთმმართველი ქალაქების მერები გაიზიარებენ ამ ძალიან სწორ გადაწყვეტილებას, რომ დაცული იყოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ”, – აცხადებს გიორგი ალიბეგაშვილი.
იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა ასეთი დარღვევის შესახებ აცნობონ სახელმწიფო ენის დაცვის დეპარტამენტს, რომელიც საკითხს განიხილავს კონსულტანტთა საბჭოსთან ერთად და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
” ჩვენი ვალდებულება არის რეკომენდაციების გაცემა. ყოველთვის გავიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების შენიშვნებსა და წინადადებებს. ჩვენ მივესალმებით უცხოელ პარტნიორებს, მაგრამ კანონის დაცვას ყველას ვთხოვთ, რადგან ეს არის ქართული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ენა ქართულია. ჩემი დიდი სურვილია მათ გამოხატონ თავიანთი პატივისცემა და თანადგომა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც მოღვაწეობენ და პატივი სცენ მის ენას”, – აცხადებს გიორგი ალიბეგაშვილი.