ჯარისკაცს თანამებრძოლი შემოაკვდა, მას 3 წელი მიესაჯა – რა მოხდა წალენჯიხაში

სასამართლომ სამხედრო მოსამსახურის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში  ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში  ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადგინდა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფახულანში  განთავსებულ  საქართველოს  შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს  საგუშაგოს ტერიტორიაზე  არსებულ მოსასვენებელ ვაგონში, სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელმა (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) დ.ჯ.-მ, დათვალიერების მიზნით, იარაღების შესანახად გამოყოფილ ღია კარადაში სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი უნებართვოდ აიღო, დაუდევრად მოეპყრო მას, რა დროსაც განახორციელა გასროლა. სროლის შედეგად  დაიჭრა სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელი (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) ბ.რ., რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით  (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”,- აცხადებენ პროკურატურაში.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები