დეფაქტო ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმურ შეხვედრაზე, ცხინვალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე, ამ ეტაპზე, უარი განაცხადეს.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ გააკეთა.
შეხვედრაზე გაირკვა, რომ ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს.
რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ქართულმა მხარემ ერგნეთში გამართულ არაგეგმურ შეხვედრაზე, კონკრეტული პასუხი ვერც ამ ორი პირის გათავისუფლებაზე მიიღო.
კახა ქემოკლიძის თქმით, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დღის ბოლომდე კიდევ შედგება და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ უფრო კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ.
ერგნეთში შეხვედრის დასრულებას ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებოდნენ. მათი თქმით, ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ბადებს ეჭვს, რომ ტატუნაშვილი ნაწამებია და დეფაქტო ცხინვალი კვალის დაფარვას ცდილობს.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები