გიორგი მარგველაშვილი: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის ყველა სწორი და ჯანმრთელი  წამოწყების მხარდამჭერი ვარ და ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული” მონაწილეებს შეხვდა. პროექტი “ვისწავლოთ ქართული” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში – ქვემო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სახელმწიფო ენასა და კონსტიტუციის საფუძვლებს ინტეგრირებული სწავლების მეთოდით ასწავლიან. პროგრამის მეშვეობით, სახელმწიფო ენის სწავლებასთან ერთად ხელმისაწვდომი გახდა, მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინფორმაცია იმ უფლება–მოვალეობების შესახებ, რაც მათ ქართული კანონმდებლობით ენიჭებათ.

შედეგად – ორივე კომპონენტის დაჩქარებული მეთოდით შესწავლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში სწრაფ და სრულყოფილ ინტეგრაციას. პროგრამის ხელმძღვანელის ეკატერინე კობახიძის განცხადებით, პროექტი ძალიან ღირებულია, რადგან ძალიან წარმატებული და შედეგიანია. 2015-2017 წლებში პროექტის საშუალებით – „ვისწავლოთ ქართული” – სწავლება განხორციელდა საქართველოს 3 რეგიონის, 11 მუნიციპალიტეტის 79 სოფელში. ამ სამი წლის განმავლობაში კურსის მეცადინეობებს 6688 მსმენელი დაესწრო, რომელთა დაახლოებით 80%-მა მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

“ამ კურსისათვის სპეციალურად შეიქმნა სახელმძღვანელო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სამ რეგიონში ორიენტირებულნი ვართ ზრდასრული მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის შესწავლაზე. ვეცადეთ მოგვეცვა ძალიან შორეული სოფლები. კურსდამთავრებულების დიდმა ნაწილმა უკვე შეძლო დასაქმება, რადგან პროექტში ჩართვის შემდეგ, მოეხსნათ ენის ბარიერის პრობლემა”, – განაცხადა ეკატერინე კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე მასწავლებლებსა და მსმენელებს შთამბეჭდავი შედეგებისათვის და აღნიშნა, რომ სწორედ ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების ერთად დგომაა ქართული სახელმწიფოს სიძლიერე.

“ენის ბარიერმა არ უნდა შეუშალოს ხელი არავის ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს თავისი წვლილი. თქვენ სახელმწიფო ენაზე საუბრით აძლიერებთ საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებით აძლიერებთ საქართველოს. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა. ქართულ ენასთან ერთად ვსწავლობდით კონსტიტუციის პრინციპებს – რომელიც გვეუბნებოდა, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ხართ, ის მთავარი ძალა, რომელიც აყალიბებს მომავალს, გააჩნია უფლებები, რომელიც დაცულია კანონით. ჩვენ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები გაგვაჩნია და ეს უნდა გამოვიყენოთ, ამის გარეშე ქვეყანა დასუსტდება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მზაობა სწავლისა და განვითარებისა. შეხვედრისას ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც პროექტის მონაწილეებსა და სახელმწიფო ენის სწავლებას უკავშირდებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, მრჩეველი ადამიანის უფლებებს საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები