თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო დროშები დაუშვა (ფოტო,ვიდეო)
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაზე და გენერალური შტაბის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული დროშა დაეშვა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება.