პირს, რომელიც ტექნიკის მაღაზიის აფეთქებით იმუქრებოდა, 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივნისს, 16:20 საათზე, ზ.შ. ყაჩაღურად თავს დაესხა ქ.სენაკში მდებარე „ელექტროტექნიკის მაღაზიას“ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მაღაზიის მეპატრონეს მ.ც.-ს თანხის გადაცემა მოსთხოვა. მ.ც-მ წინააღმდეგობა გაუწია ზ.შ.-ს და სხვა პირების დახმარებით ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა წაართვა, რის შემდეგაც ზ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ზ.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები