მთავრობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 97 წლის წინ, თბილისის ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრნენ. დაღუპული გმირები გაიხსენეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. იუნკერთა ხსოვნას, ასევე, პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა.
კოჯორში მემორიალთან იმყოფებოდა იუნკერ გრიგოლ ბოკუჩავას შვილი ჰელგრიდ ფრანკე, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოში, სწორედ, ოკუპაციის კვირეულში, იუნკერთა ხსოვნის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. იუნკერი გრიგოლ ბოკუჩავა 1921 წელს, კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაიჭრა და პოლონეთში გაემგზავრა. იგი 1985 წელს ემიგრაციაში, გერმანიაში გარდაიცვალა.
იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.