„ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ბრძანება გაახმაურა – ეს მათი ხელწერაა“

რეჟისორი ქეთი დოლიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას ეხმაურება. რეჟისორის განცხადებით, „რუსთავი 2“ ახალ პროექტს იწყებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას ბრძანებით ასრულებს. როგორც „კვირას“ ქეთი დოლიძემ განუცხადა, მას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადების არ სჯერა და ეს ყოველივე წინასაარჩევნოდ მათივე დადგმული სპექტაკლია.
„საერთოდ, არ მჯერა იმ ყველაფრის, რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, იმიტომ რომ მთელი 9 წლის განმავლობაში „რუსთავი 2“ თვალს ხუჭავდა წინა ხელისუფლების დროს ყველაზე დახვეწილ მეთოდებზე. ჩვენ, რიგით ადამიანებს, ბიზნესმენებს და საკუთარ ხალხს, 9 წელი გვისმენდნენ, გვითვალთვალებდნენ და ამ ყველაფერზე „რუსთავი 2“ თვალს ხუჭავდა. რაც დღეს ნიკა გვარამიამ განაცხადა, ეს არის წინასაარჩევნოდ დადგმული სპექტაკლი, ახალი პროექტი დაიწყეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა და ესენი ასრულებენ. მათ უკან კი დგას გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი და ისინი, ვინც ტელევიზიაში უსხედან. „ნაციონალებმა“ ძალიან კარგად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ მათი რეიტინგი დაბალია და ეს პროექტი ზუსტად ამას ემსახურება. სკანდალი სჭირდებოდათ და დადგეს. თან ამას აკეთებენ დღეს – გიორგობაზე, სატანისტები არიან. მე პირადად არ მჯერა ეს ყველაფერი და ვისაც უნდა, იმან დაიჯეროს“, – აცხადებს ქეთი დოლიძე.
მისივე თქმით, სათვალთვალო კამერები უსაფრთხოების მიზნით ყველა ტელევიზიაში და ყველა დაწესებულებაშია დამონტაჟებული.
„სისულელეა, „რუსთავი 2“ -მა საკუთარი საინფორმაციო გამოშვებებით საზოგადოება გამოატვინა და დღევანდელი განცხადებაც ამას ემსახურებოდა. დღევანდელი განცხადება იმ 9- წლიანი მმართველობის პროექტის გაგრძელებაა, მათივე ხელწერაა და რატომ უნდა დავიჯერო. დღეს ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ბრძანება გაახმაურა, ეს მათი ხელწერაა და სწორედ ამიტომ მათი არ მჯერა “, – აღნიშნა ქეთი დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები