„რუსთავი 2“ არაფერს ამბობდა, როდესაც შსს ათასობით ადამიანს უსმენდა“
განსაკუთრებული აჟიოტაჟი სამწუხაროა იმ ტელევიზიისგან, რომელიც არაფერს არ ამბობდა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ათასობით ადამიანს უსმენდა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ხელმძღვანელების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ყოველგვარი ბრიფინგებისა და აჟიოტაჟის გარეშე უნდა ჩატარდეს და გაირკვეს, თუ ვინ და რა მიზნით დაამონტაჟა მოსასმენი აპარატურა.
„მოთხოვნა რომც არ იყოს, გამოძიება მაინც უნდა ჩატარდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ნებისმიერი პირის, პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, მათ შორის საუბარია მედიის დამოუკიდებლობაზე. საინტერესოა, როგორ გაჩნდა ან ვინ დაამონტაჟა, ამიტომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. მაგრამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი სამწუხაროა იმ ტელევიზიისგან, რომელიც არაფერს არ ამბობდა, როდესაც ათასობით ადამიანს უსმენდა შსს და არანაირი განსაკუთრებული წუხილები ამ ტელევიზიისგან არ გამოთქმულა. ისინი ფაქტობრივად ტირაჟირებდნენ იმ პროპაგანდას, რასაც ხელისუფლება თავის დროზე უკვეთავდა. აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, ვინ რა მიზნით დაამონტაჟა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.