„ახალგაზრდა ადვოკატები“: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების ტენდერებში გამარჯვებულ საწარმოებში დასაქმებით კორუფციის შესახებ კანონი დაირღვა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას მიმართავს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განხორციელებულ საკადრო გადადგილებებსა და სახელმწიფო ტენდერებში შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკებთან დაკავშირებით, განმარტებებს მოითხოვს.

ამის შესახებ “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტმა ია გოგნაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ია გოგნაძის განცხადებით, ორგანიზაციამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერების შესწავლისა და შეფასების პროცესში დაადგინა, რომ დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები სამუშაოდ იმ უცხოურ სამშენებლო კომპანიებში გადავიდნენ, რომლებმაც გამოცხადებული ტენდერები მოიგეს და სატენდერო კომისიის წევრები დღეს ამ კომპანიაში დასაქმებული დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირები იყვნენ. ორგანიზაციის შესწავლით, აღნიშნული პირები არიან გოჩა ჩოჩია, ირაკლი ხერგიანი, ზაზა სიმონია, ხოლო კიდევ ერთმა თანამდებობის პირმა, პაატა აბუთიძემ, პირიქით, უცხოური საწამოს ფილიალი დატოვა და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

“შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია: გივი ჩოჩია საქმიანობდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. ამჟამად, საქმიანობას აგრძელებს თურქულ კომპანიაში: „POLAT YOL & MAPA“. აღნიშნული კომპანია ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო საქმიანობას. გოჩა ჩოჩია მონაწილეობდა იმ სატენდერო კომისიის წევრად, რომლის გადაწყვეტილებითაც, ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია გახდა;

ირაკლი ხერგიანი საქმიანობდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. ამჟამად, საქმიანობას აგრძელებს DOHWA Consulting Engineers Co, Ltd. აღნიშნული კომპანია ზედამხედველობას უწევს თბილისი-რუსთავის გზის, ქობულეთის შემოვლით გზის და საქართველოს 10 შიდა და მეორადი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მათ შორის კომპანია „Sinohydro Corporation Limited“ მიერ მიმდინარე სამშენებლო პროექტებს. ირაკლი ხერგიანი მონაწილეობდა იმ სატენდერო და საკონკურსო კომისიის წევრად, რომლის გადაწყვეტილებითაც, „Sinohydro Corporation Limited“ გახდა მილიონიან პროექტებში გამარჯვებული კომპანია.

ზაზა სიმონია საქმიანობდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. ამჟამად, საქმიანობას აგრძელებს კომპანიაში: „Sinohydro Corporation Limited“. ზაზა სიმონია მონაწილეობდა იმ სატენდერო კომისიის წევრად, რომლის გადაწყვეტილებითაც, „Sinohydro Corporation Limited“ გახდა მილიონიან პროექტებში გამარჯვებული კომპანია.

პაატა აბუთიძე ამჟამად საქმიანობს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა მანამდე მუშაობდა უცხოური საწარმო ფილიალის სს ინსტიტუტი „იგჰ“-ს მმართველი დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც დატოვა. დადგენილია პაატა აბუთიძის, დეპარტამენტის მოქმედი თავმჯდომარის გიორგი სეთურიძესა და დეპარტამენტის მოქმედი თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, გივი ჩოჩიას შორის ახლო, სამსახურეობრივი და ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობები. პაატა აბუთიძის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პერიოდში ტენდერებში გამარჯვებული აღმოჩნდა ის ხორვატიული კომპანია, რომელშიც უკანასკნელად მუშაობდა”,- განაცხდა ია გოგნაძემ.

იურისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განხორციელებული საკადრო გადადგილებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისა და სატენდერო კომისიის წინასწარ დაინტერესებაზე.

“არსებული ვითარება კითხვებს აჩენს, თუ რამდენად იქნა სამართლიანი კონკურენცია დაცული და შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკებს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დარღვეულია კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის თანახმადაც, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. კერძოდ, კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით: „განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან“,- განაცხადა ია გოგნაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, სამართლებრივი დავა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო, რომელიც ეხება საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაზარალებული მესაკუთრეთა უფლებების დაცვას და სახელმწიფოს უმოქმედობის შეჩერებას.

“შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით, ამ ფორმით, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით. ორგანიზაცია Sinohydro Corporation Limited-ს მიმართ საზოგადოებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული პროექტების მიმართ არსებულ მდგომარეობის ანალიზსაც წარმოუდგენს. საკითხზე კვლევა 2018 წლის მარტში გამოქვეყნდება”,- განაცხადა იურისტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები