„რუსთავი 2“ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას ხშირად ცდილობს“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ხელმძღვანელების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას ეხმაურება. დეპუტატი “კვირასთან“ საუბრისას, საზოგადოებაში გამოთქმულ ვარაუდებს, რომ ეს კადრები თავად “რუსთავი 2“ -ის მიერაა ინსცენირებული, საფუძვლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის არაერთი მაგალითი არსებობს.
“ყველაფერი შესწავლას საჭიროებს, ალბათ, შესაბამისი უწყებები გამოქვეყნებენ საპასუხო განცხადებას. რაც შეეხება ვარაუდებს და ეჭვს, რომ ეს არის თავად “რუსთავი 2“ -ის ინსცენირებული კადრები -ამ მოსაზრებასაც გარკვეული საფუძველი აქვს, რადგან წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული ტელეკომპანია მათი ფავორიტი იყო. “რუსთავი 2“- ის მხრიდან არსებული ხელისუფლების დისკრეტიდაციის მცდელობა არაერთხელ გვინახავს, აქედან გამომდინარე, ეჭვები, რომ ეს იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც დისკრედიტაციისკენაა მიმართული, საფუძვლიანია“,- განუცხადა “კვირას“ გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენილია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.