რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთში შექმნილი სატრანსპორტო ვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა

საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, დღეს ჩუღურეთში შექმნილი სატრანსპორტო ვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ლამის ქუჩის (ზემო ჩუღურეთი) მიმდებარე გზებზე არსებული სატრანსპორტო მდგომარეობა განიხილეს. აღნიშნულ ქუჩაზე „კავკასიის უნივერსიტეტი“ გადავიდა. სტუდენტთა და პედაგოგთა ავტომობილებისა და მგზავრთა ნაკადის საგრძნობმა მატებამ, უნივერსიტეტამდე მიმავალ, მცირე გამტარუნარიანობის ვიწრო გზებზე, პარკირებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო მეტად დატვირთვის პრობლემები შექმნა.

საკრებულოში გამართულ გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  დავით უჯმაჯურიძე,  ტრანსპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, „კავკასიის უნივერსიტეტის” რექტორი კახა შენგელია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან და ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ერთად ესწრებოდნენ.

„კავკასიის უნივერსიტეტის” რექტორმა თბილისის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს არსებული პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა და მათი გადაჭრის ხედვები გააცნო. კახა შენგელიამ მზაობა გამოთქვა ითანამშრომლოს ქალაქის მთავრობასთან, რათა მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით განვითარდეს და მიმზიდველი გახდეს როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. უნივერსიტეტი მზადაა მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი ავტოსადგომი ააშენოს, რათა მოიხსნას მოჭარბებული ავტომობილების პარკირების პრობლემა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, დაიწყება მუშაობა ამკრძალავი ნიშნების დამატების, მიმდებარე გზების რეაბილიტაციის და სტუდენტებისთვის დამატებითი ტრანსპორტის გამოყოფის საკითხებზე.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პრობლემა კომპლექსურია და თანმიმდევრულ მიდგომებს საჭიროებს. მისასალმებელი და მთავარია, რომ საკითხის მოგვარებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

მხარეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. „კავკასიის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლობამ რაიონის მაჟორიტარისა და გამგებლისგან, კანონისა და არსებული რეგულაციების ფარგლებში, პარკირების პრობლემის მოგვარების საკითხში, სრული მხარდაჭერა მიიღო. რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის შუამდგომლობის მზადყოფნაც გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები