„არ გამოვრიცხავ, რომ მოსასმენი აპარატურა „რუსთავი 2“-ში წინა ხელისუფლების დროს არის დამონტაჟებული“
ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით გაკვირვებულია. როგორც ჟურნალისტი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ყოფილი ხელისუფლების დროს ნიკა გვარამია თავად მონაწილეობდა იმ სისტემის ჩამოყალიბებაში, როდესაც ადამიანებს მუდმივად უთვალთვალებდნენ.
თეიმურაზ ქორიძე არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიაში სათვალთვალო კამერები სწორედ ყოფილი ხელისუფლების დროს არის დამონტაჟებული.
„ცივილიზებულ სამყაროში თვალთვალი საერთოდ არ უნდა ხდებოდეს, თუმცა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ეს ხდება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, როდესაც ამისი აუცილებლობა დგება. ჩვენთან თვალთვალს სისტემის სახე ჰქონდა ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს. როგორც ჩანს, ეს ახლაც გრძელდება. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არ უნდა ხდებოდეს. უბრალოდ გასაკვირია ასეთი შოკისმომგვრელი რატომ გახდა გვარამიასთვის? მისთვის რატომ არის ეს შოკისმომგვრელი. მან თავად, თავისი ხელით შექმნა ეს სისტემა, როდესაც გვარამია თანამდებობის პირი იყო. თავისთავად სისტემის მოსპობა ძნელი პროცესია.
„რუსთავი 2“ – სა და სხვა სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებებს მე არ აღვიქვამ, როგორც მედიას. ეს არის მხარე, ეს არის ხელისუფლების წარმომადგენელი, თავისთავად ეს არის მედია, მაგრამ როდესაც ხელისუფლების სამსახურში ხარ, მაშინ ძალიან ძნელია, რომ ნიკა გვარამიას უწოდო ჟურნალისტი. ნიკა გვარამია, ნინო შუბლაძე და ის თანამშრომლები, ტექნიკურის გარდა, ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. თუმცა, ასეთი მეთოდებით ბრძოლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან არ შეიძლება“, – აცხადებს თეიმურაზ ქორიძე.
ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიაში სათვალთვალო კამერები წინა ხელისუფლების დროს არის დამონტაჟებული. მისი თქმით, სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, პირველად „თავისიანების“ კონტროლს დაიწყებდა.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს წინა ხელისუფლების დროს არის დამონტაჟებული და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ახლაც გრძელდება. კარგია, რომ ნიკა გვარამიამ საჯაროდ აღიარა თავისი „ღვაწლი“ საქართველოში ტოტალური თვალთვალის სისტემის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. თუმცა ეს მის დანაშაულს დიდად ვერ შეამსუბუქებს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ სათვალთვალო სისტემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ში მოქმედებდეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდიდან. როგორც ცნობილია, ტოტალიტარული რეჟიმები, უპირველეს ყოვლისა, კომპრომატებს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, თავისიანებზე აგროვებენ, რომ მათ ნებისმიერი უკანონო დავალება უყოყმანოდ შეასრულონ.
თვალთვალი, რა თქმა უნდა, არის ზეწოლა მედიაზე, მაგრამ არის თუ არა მედია ტელეკომპანია „რუსთავი-2“, ძალიან პრობლემატური საკითხია. ჩემი აზრით, ეს ტელეკომპანია (და კიდევ ბევრი სხვა!) არის არა მასობრივი ინფორმაციის საშუალება, არამედ მხარე, „ნაცმოძრაობის“ მიერ სასტიკად კონტროლირებადი პროპაგანდისტული სისტემის ნაწილი. ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერია იმისათვის, რომ ეს იცოდეს. მისთვის და მისი თანამშრომლებისთვის სათვალთვალო სისტემის აღმოჩენა შოკისმომგვრელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ჟურნალისტმა თეიმურაზ ქორიძემ.