საკრებულოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვა იყო, თუ რა კუთხით ხედავს არასამთავრობო სექტორი საკრებულოსთან თანამშრომლობას.

„მუნიციპალიტეტის დონეზე ყველაფერი ადამიანის უფლებებთანაა დაკავშირებული, დაწყებული ტრანსპორტით, დამთავრებული გარემოს დაცვით. ამ საკითხში თვითმმართველობების დონეზე მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონკრეტული ინიციატივები დააყენეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი  განცხადებით, საკრებულოში მოქალაქეთა მხრიდან ინიციატივების დაყენების საკითხი უნდა გამარტივდეს. მან ასევე უსახლკაროთათვის საცხოვრებლის უფლების მინიჭებაზე, გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა თბილისში მიუსაფარ ბავშვთა დაცვის ცენტრის აღდგენის შესახებ. ეს საკითხი ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ბელა სარიამ დააყენა. მისი განცხადებით, ასეთი ცენტრი 2006 წელს გაურკვეველი მიზეზების გამო დახურეს. მისივე თქმით, თუკი ასეთი ცენტრი იარსებებს, კარგი იქნება, თუ რეფერირების სისტემის საპრევენციო რგოლის ფუნქციას მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს.

შეხვედრაზე  ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვაზე და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში კერძო მესაკუთრეთა უფლებების დაცვაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები