ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული ჩანაწერებია გაკეთებული
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული ჩანაწერებია გაკეთებული, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც გვარამიამ განაცხადა, აღნიშნულმა ინფორმაციამ შს სამინისტროდან გამოჟონა და მათ ვიდეომასალა სწორედ ამ უწყებიდან მიაწოდეს.
„საქართველოში ადგილი აქვს უპრეცედენტო შეთხვევას – წამყვანი ტელეკომპანიის ტოპ-მენეჯმენტის ფარულ აუდიო-ვიდეო ვიზუალურ თვალთვალს. გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონა ინფორმაციამ და ჩვენ მოგვაწოდეს ვიდეომასალა, სადაც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის – ნინო შუბლაძის ფარული აუდიოვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა ორ ფაილს მოიცავს, ჩემს შემთხვევაში ქრონომეტრაჟი 15 წუთი, ხოლო ნინოს შემთხვევაში ერთი საათია.
ჩვენ დღეს მედიას მივცემთ თითოწუთიან უწყვეტ კადრებს. დანარჩენი პირადი და საქმიანი ხასიათის დეტალებია, რომლის გამხელისგან თავს შევიკავებთ. ინფორმატორის ცნობით, რომლის ვინაობის არგამხელის უფლებას ვიტოვებ, როგორც მედია, არსებობს კიდევ რამდენიმე ათეული ფაილი, რომლებიც ჩვენი კომპანიის თანამშრომლების საქმიან და პირადი შეხვედრების ამსახველ ჩანაწერებს ასახავენ.
ჩვენ ჩვენი ძალებით შევეცადეთ, სათვალთვალო კამერა აღმოგვეჩინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ მიერ აღმოჩენილი იქნა სპეციფიკური ნახვრეტები, რომელიც ჭერშია, მაგრამ კამერები არ აღმოჩნდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას – შეწყდეს ჩვენი მედიის უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება, მეორე – დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები და ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, ან გასცა უკანონო დავალება, ან რომლისთვისაც ცნობილი იყო უკანონო ქმედებების განხორციელების თაობაზე და არ მიიღო აუცილებელი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. მესამე – მომავალში ნებისმიერი სახისა და შინაარსის უკანონოდ მოპოვებული აუდიო თუ ვიდეომასალის ნებისმიერი გზით გავრცელებაზე და საინფორმაციო სივრცეში მათ განთავსებაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით კადრები 2013 ივნისით თარიღდება.