რატომ გაწირა დავით როსტომაშვილმა მისი შვილის მეგობრები და რისთვის იძიეს შური მასზე

პოლიციის პოლკოვნიკი და მსახიობი დავით როსტომაშვილი დღემდე შს სამინისტროს დაცვის სამმართველოში ერთ-ერთი დეპარტამენტის მაღალჩინოსანია. მისი პოლიციური სტაჟი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდანაძის ხელისუფლების დროიდან იწყება. გარდა ამისა, იგი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. ამჟამად, პოლიციის პოლკოვნიკის თავდასხმის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. აქ დავით როსტომაშვილი დაზარალებულია. საბრალდებო სკამზე 3 ბრალდებული ზის. მათ შორის ორი, ბექა კირვალიძე და ზურაბ ქუთელია, პოლიციის მაღალჩინოსნის შვილის გიორგი როსტომაშვილის მეგობრები არიან. ამასთან, ბექა კირვალიძე ძარცვის ბრალდებით ადრე ნასამართლევია. ბექა კირვალიძე საპატიმროში 2011 წელს აღმოჩნდა, მან ციხის საკანი 2012 წლის, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა და ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ორშაბათს, 19 თებერვალს განახლდება. თუმცა, სასამართლო განხილვა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება. სასამართლოში განმარტავენ, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფაქტი: 2017 წლის 14 ივნისს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ. თავდამსხმელმა პოლიციის პოლკოვნიკს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყა. მომხდარი ფაქტიდან 20 წუთში, სამართალდამცველებმა ბექა კირვალიძე დააკავეს. მოგვიანებით ზურა ქუთელია, ხოლო დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ, _ არტემ აგაჯანოვი.

ცნობისათვის, ბრალდებულები ბექა კირვალიძე, არტემ აგაჯანოვი, ზურაბ ქუთელია და დაზარალებული დავით როსტომაშვილი ისნის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ.

ამბავი: „ 2011 წელს, ბექა ჯერ კიდევ 18 წლის იყო, როდესაც ვიღაცასთან იჩხუბა და დააკავეს. მას ყაჩაღობის ბრალდება წაუყენეს. 7 -წლიან სასჯელზე უშვებდნენ, მაგრამ მაშინ პროკურორის შემოთავაზებას დავთანხმდით და ყაჩაღობა ძარცვის ბრალდებით შეცვალეს. 6000 -ლარიანი საპროცესო შეთანხმება გავაფორმეთ. 7 წლიანი სასჯელი 4 წლით შეიცვალა. სასჯელს გლდანის დაწესებულებაში იხდიდა. ალბათ გახსოვთ რა ხდებოდა ამ საპატიმროში. როდესაც შვილთან პაემანზე დავდიოდი, ვუყურებდი ჩემს შვილს, მაგრამ ის სხვა ადამიანი იყო. ვხედავდი, თითები და სახე როგორ უკანკალებდა, თავზე ნაიარევი ჰქონდა. თუმცა, არაფერს გვეუბნებოდა. ციხიდან დანევროზებული გამოვიდა. ვგრძნობდი, ჩემი შვილი გულით დარდს ატარებდა. რამდენჯერმე ვკითხე, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. ერთხელ წამოსცდა, ვინც მე ციხეში ცუდად მექცეოდა, გზად თუ გადავეყარე, სამაგიეროს გადავუხდიო. ბიჭის დედა ვარ, ვგრძნობდი, ჩემი შვილის თავმოყვარეობაზე ვიღაცამ ძალიან იმოქმედა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდიოდა. ერთხელ ბექამ მეგობარი მოიყვანა სახლში, ბებიასთან. გიორგი ერქვა. „ დათო როსტომაშვილის შვილიაო“ – მითხრა ბექამ. ბექა და გიორგი როსტომაშვილი მეგობრები იყვნენ, გიორგი ხშირად დადიოდა ჩვენთან. ბექას და გიორგის კიდევ ერთი მეგობარი ჰყავთ, ზურაბ ქუთელია. ერთხელ გიორგიმ ბექა სახლში მიიპატიჟა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩემმა შვილმა მისი მეგობრის მამა თვალებით იცნო. ეს ის კაცი იყო, რომელიც ჩემს შვილს ციხეში ცუდად ექცეოდა. დავით როსტომაშვილზე თავდასხმის დროს, ჩემი შვილი მარტო იყო. ამ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ეს იყო შურისძიება და არა ყაჩაღობა. მსახიობი დავით როსტომაშვილი ჩემ შვილს ციხეში სცემდა და მას სწორედ ამიტომ გაუსწორდა ფიზიკურად. ჩემს შვილს გეფიცებით, ზურა ქუთელია სულ ტყუილად ზის ციხეში. მისი ვინაობა, თავად დავით როსტომაშვილმა თავდასხმიდან 8-9 საათის შემდეგ, პოლიციას შეატყობინა. რატომღაც მერე გაახსენდა, საკუთარი შვილის კიდევ ერთი მეგობარი და ზურაც დააჭერინა“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ბრალდებულ ბექა კირვალიძის დედა ლია კირვალიძე.
ბექა კირვალიძის ადვოკატის ლოტბერტი კუპატაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავდასხმას აღიარებს, თუმცა ყაჩაღობას არა.

„ბრალდებული ბექა კირვალიძე ამბობს, რომ იგი დავით როსტომაშვილს თავს დაესხა და აღიარებს, მოტივი შურისძიება გახლდათ. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ამბობს, მას დავით როსტომაშვილი საპატიმროში ცუდად ექცეოდა და იცნო. რაც შეეხება ყაჩაღობის ბრალდებას, ამ ბრალდებას არ აღიარებს. გარდა ამისა, საქმეში არ დევს ნივთმტკიცება ოქროს ყელსაბამი, რომელიც თითქოს პოლიციის პოლკოვნიკს თავდასხმის დროს ეკეთა. დაზარალებული ამბობს, რომ ამ ყელსაბამის ღირებულება 7000 ლარს შეადგენდა. არავინ იცის ეკეთა თუ არა მას ეს ოქროს ყელსაბამი. რადგან საქმის მასალებში ნივთმტკიცება არ დევს. არ არის ამოღებული ეს ყელსაბამი. “ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ბექა კირვალიძის ადვოკატი.
ამ საკითხის გარკვევას „კვირა“ თავად პოლოციის პოლკოვნიკთან შეეცადა. თავდაპირველად, მან კონცერტი მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა. უფრო მეტიც, საკონტაქტო ნომერი „დაბლოკა“. თუმცა, 24-საათიანი მცდელობის შემდეგ, მცირე კომენტარით შემოიფარგლა. კითხვაზე რა კომენტარს გააკეთებთ, ბექა კირვალიძის დედის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს, რომ დავით როსტომაშვილი ციხეში პატიმრებს სცემდა, მისი შვილი კი ამის გამო გაუსწორდა, როსტომაშვილი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს. „ „სასამართლოზე ვუპასუხებ ყველას და ყველა ბრალდებას“, –აღნიშნა მან.

„კვირამ“ პოლიციის პოლკოვნიკს კიდევ ერთი კითხვით მიმართა – უარყოფთ თუ არა აღნიშნულ ბრალდებას? როსტომაშვილმა გვიპასუხა: – „კარგით რა არ მინდა ეს… ამის შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსანმა მობილური ტელეფონი გათიშა. „კვირამ“ სასჯელაღსრულების სამინისტროს კითხვით მიმართა, როდის მუშაობდა და რა თანამდებობა ეკავა დავით როსტომაშვილს სამინისტროში. თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურში, პიროვნების კონფიდენციალურობის გამო, ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს.
მიუხედავად ამისა, „კვირამ“ გაარკვია, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი და მსახიობი დავით როსტომაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მართლაც მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროში და მან უწყება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა. იგი სამინისტროში 2009 – 2012 წლებში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაპირველად, სასამართლო განხილვა ღიად და საჯაროდ მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება, სწორედ დაზარალებულის, პოლიციის მაღალჩინოსნის და მსახიობის დავით როსტომაშვილის ჩვენების შემდეგ დახურა. ადვოკატ ლოტბერტი კუპატაძის ინფორმაციით, დავით როსტომაშვილის ჩვენების დროს, ბრალდებულებმა იგი ტყუილში ამხილეს და რეპლიკის სახით წამოიძახეს, რომ -„იტყუებოდა, ეგრე არ ყოფილა“.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ, მოსამართლემ პროცესი დახურა და დღემდე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინდელ პროცესზე პოლიციის პოლკოვნიკის შვილი დაიკითხა, რომელიც თავდასხმის დროს მამასთან ერთად იმყოფებოდა.
აღნიშნულის შესახებ „კვირა“ კიდევ ერთ ადვოკატს გაესაუბრა. ზურაბ ქუთელიას ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე მისი კლიენტის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და შესაბამისი ალიბიც აქვს. „მოსალოდნელიც იყო, რომ შვილი მამის მიერ მიცემულ ჩვენებას გაამყარებდა. ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, რაც უშუალოდ საქმესთან შემხებლობაში იყო, პასუხობდა, რომ ბევრი რამ არ ახსოვდა. ის მხოლოდ ბრალდების მიერ დასმულ შეკითხვებზე სცემდა პასუხებს. რატომღაც, ეს ყველაფერი ბრწყინვალედ ახსოვდა“, – აცხადებს ზურაბ ქუთელიას ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე. საქმის მასალების თანახმად, დავით როსტომაშვილის თავდასხმა ცხელ კვალზე გაიხსნა და თავდაპირველად ბექა კირვალიძე დაკავეს. იმავე დღეს, ბექა კირვალიძე სამართალდამცველებს გაექცათ, თუმცა მაინც დააკავეს. მისივე განმარტებით, ზურაბ ქუთელია სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც ბექა კირვალიძე გაექცათ, თუმცა, ზურაბ ქუთელია შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ის ამ დროს ვარჯიშზე იმყოფებოდა. ადვოკატი ბარდაველიძე განმარტავს, რომ როსტომაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა გამოძიებას დაუყოვნებლივ არ განუცხადა. „დავით როსტომაშვილი პოლკოვნიკი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი გახლავთ. პოლკოვნიკის შვილმაც და თავად პოლკოვნიკმაც, იმ წამსვე იცოდნენ იმ პირების შესახებ, რომლებიც მას თავს დაესხნენ, მაგრამ გამოძიებას ოპერატიული ინფორმაცია არ მიაწოდეს. როსტომაშვილმა ეს მაშინ გააკეთა, როცა მისი დაკითხვა ღამის საათებში მოხდა. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაახსენდათ, რომ დანაშაულის ადგილზე თურმე, ზურაბ ქუთელიაც იმყოფებოდა. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, წარმოდგენაც კი არ აქვს, რა მიზეზით ადებს მას დავით როსტომაშვილი ხელს. ამასთან, ზურა ქუთელია არ იცნობდა მესამე ბრალდებულს – აგაჯანოვს. ზურამ და აგაჯანოვმა ერთმანეთი ციხეში გაიცნეს. კირვალიძე ცემის ფაქტს აღიარებს. აგაჯანოვიც აბსოლუტურად უდანაშაულოა. ბექა და აგაჯანოვი ერთ უბანში ცხოვრობენ. მას ბექამ სთხოვა ერთი ადგილიდან მეორეზე მისი ავტომობილით გადაეყვანა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა უნდა მომხდარიყო. ზურაბ ქუთელია მსახიობზე თავდასხმის დროს სპორტდარბაზში იმყოფებოდა. მან შემთხვევის ადგილზე მომხდარის შემდეგ მანქანით ჩაიარა. აგაჯანოვი მომხდარიდან ერთ თვეში დააკავეს, ქუთელია კი, მომხდარიდან 8-9 საათში. არც გამკვირვებია, როსტომაშვილი უდანაშაულო ადამიანს ხელს რომ ადებს. მას ჰქონდა იმის საშუალება, რომ უდანაშაულო ადამიანისკენ ხელი არ გაეშვირა, თუმცა ასე არც ის და არც მისი შვილი არ მოიქცა“, – აცხადებს გიორგი ბარდაველიძე.
აღსანიშნავია, რომ ბექა კირვალიძე და აგაჯანოვი ერთ უბანში ცხოვრობდნენ. აგაჯანოვი დაკავებამდე დაოჯახდა და ოჯახს ხელოსნობით არჩენდა. ის მანქანის ხელოსანია. ფაქტი, რომ ბექა კირვალიძე და ზურა ქუთელია, მსახიობის შვილის გიორგი როსტომაშვილის მეგობრები არიან, ეს პოლიციის მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა. ჩვენების თანახმად, ზურა ქუთელია გიორგისთან სახლში დაბადების დღეზეც იმყოფებოდა. „კვირა“ ზურაბ ქუთელიას დედასაც გაესაუბრა. მარინა მიქაძეს შვილი უდანაშაულოდ მიაჩნია და პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება. „ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულოა. თავდასხმის დროს ზურა სპორტდარბაზში ვარჯიშზე იმყოფებოდა. დათო როსტომაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ მას თავდასხმის დროს გონება არ დაუკაგავს. თვითონ გამოიძახა, სასწრაფო და გენისპექცია. მაშინ ამბობდა, რომ უცნობი პირი დასხა თავს და რატომღაც ღამის საათებში, მომხდარი ფაქტიდან 9 საათის შემდეგ, ჩემი შვილის ვინაობას ასახელებს. ჩემი შვილი და მისი შვილი მეგობრები იყვნენ. წარმოგიდგენიათ? უდანაშაულო შვილი გამიწირეს. დაკითხვაზე რომ წაიყვანეს, ველოდებოდი სახლში. რატომ დააკავეს, დღემდე წარმოდგენა არ მაქვს. სასამართლო მიმდინარეობს, ჩემი შვილი უდანაშაულოა და ველოდები მოსამართლის გადაწყვეტილებას”,-ამბობს მარინა მიქაძე.
ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსნის და მსახიობის შვილი გიორგი როსტომაშვილი ?!
2017 წლის 21 მარტს თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ყაჩაღობა მოხდა. ბიზნესმენ ლევან შინდელიშვილს იარაღის მუქარით BMW X5 მარკის ავტომობილი და ძვირადღირებული ნივთები გასტაცეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული გახსნა და ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. სწორედ ეს უკანასკნელი, არის პოლიციის მაღალჩინოსანის და მსახიობის დავით როსტომაშვილის შვილი გიორგი როსტომაშვილი. მეორე ბრალდებული კი სახალხო მკურნალის, ბიჭიკო ასკურავას შვილიშვილი ნიკა მჭედლიანია. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ შინდელიშვილს მჭედლიანის და როსტომაშვილის მეგობრის ვალი ჰქონდა, რომელსაც არ აბრუნებდა, ამიტომ მას ახალგაზრდებმა ვალის დაბრუნებამდე ავტომობილი წაართვეს.
„კვირამ“ გაარკვია, რომ მსახიობის შვილმა, რომელსაც მძიმე ბრალდებები ჰქონდა წაყენებული, ციხის საკანი 9 თვის შემდეგ დატოვა. „კვირას“ ინფორმაციით, გიორგი როსტომაშვილი საპატიმროდან ერთ-ერთი მოწმის ჩვენების შეცვლის შემდეგ გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები