შალვა ნათელაშვილი თეა წულუკიანს ორ ლარს გადაუხდის – სასამართლომ მორალური ზიანისთვის თანხა განსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს იმ სამაუწყებლო კომპანიების მეშვეობით, სადაც იუსტიციის მინისტრის მისამართით 2016 წლის 19 ოქტომბრსა და 23 ნოემბერს ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, საკუთარი ყალბი განცხადებების უარყოფა მოუწევს.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე წულუკიანის არგუმენტები და მოცულობითი დოკუმენტური მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება ცილისწამებაა, რადგან იგი არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს. თეა წულუკიანის მიერ სტრასბურგში შეძენილი ბინა მართლაც თეა წულუკიანის საკუთარი სახსრებით შეძენილი იყო იმ დროს, როცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა და ბევრად ადრე, ვიდრე ის ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბინა მინისტრს უყიდეს პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ და ამით ის იყიდეს, არის ცილისწამება.

სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა თეა წულუკიანის მოთხოვნა და მორალური ზიანისთვის შალვა ნათელაშვილს სიმბოლური 2 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები