თამარ ხულორდავა არმენ აშოტიანს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს არმენ აშოტიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს.

„მეზობელ ქვეყნებთან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავება. სომხეთის პარლამენტთან ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყანასთან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. კოლეგები დაინტერესებული არიან  ასოცირების შეთანხმების განხორციელების და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესით.  იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას ახლახან მოაწერა ხელი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან სექტორულ დაახლოებას ითვალისწინებს, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის გამოცდილების გაზიარება “, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეხვედრაზე სტუმარი საპარლამენტო სტრუქტურებს შორის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის კოორდინაციის საკითხებით და საპარლამენტო ზედამხედველობის  პროცესში საზოგადოების ჩართულობით  დაინტერესდა.

ხაზი გაესვა იმასაც, რომ სომხეთმაც ისევე, როგორც საქართველომ საკონსტიტუციო რეფორმის გზა გაიარა. ორი ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებს შორის ამ მიმართულებითაც მოხდა გამოცდილების გაზიარება.

„ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დემოკრატიული და საპარლამენტო საზოგადოებების აშენებისთვის. სომხეთი აქტიურად ახდენს ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას. რამდენიმე კვირაში ჩვენ გადავდივართ სრულად ფუნქციონირებად საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე. ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რომელიც ასევე ახორციელებს საკონსტიტუციო რეფორმას. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული საქართველოს პარლამენტის გამოცდილებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის, საზოგადოებრივი ჩართულობისა და საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა მეტი შევიტყოთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ”, – განაცხადა არმენ აშოტიანმა.

მან მადლიერება გამოხატა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას მიმართ, რომელიც მისივე თქმით,  ყოველთვის მზადაა სომხეთს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის გამოცდილება გაუზიაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები