მინისტრი: თუ ექიმი წამლის შესაძენად კონკრეტულ აფთიაქს დაგისახელებთ, ეს რეკომენდაცია არ მიიღოთ

0

თუ ექიმმა რომელიმე კონკრეტულ აფთიაქზე მიგითითათ, რათა მედიკამენტი იქ შეიძინოთ, ეს რეკომენდაცია არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„აბსოლუტურად მიუღებელია, როცა ექიმი პაციენტს საჭიროზე მეტი რაოდენობის მედიკამენტს უწერს და მეორე მხრივ, პაციენტს კონკრეტული მითითება ეძლევა, ეს მედიკამენტი სად შეიძინოს“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, ზედმეტი მედიკამენტის გამოწერა დიდი პრობლემაა და ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც თბილისში ორ დღეში უკვე სავალდებულო გახდება, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჩატარების დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.
„რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ, ყველა ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულება ვნახოთ და გზამკვლევებს შევადაროთ, რადგან საქართველოში წელიწადში ექიმთან 14 მილიონი ვიზიტი ფიქსირდება და თითო ვიზიტის დროს რამდენიმე მედიკამენტი გამოიწერება, მაგრამ არსებობს სტატისტიკური კანონები, თუ როგორ უნდა შეარჩიო შემთხვევები, რათა კრიტიკული წერტილები ნახო“, – განაცხადა სერგეენკომ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდება ელექტრონული რეცეპტის აღება და რა არის მისი უპირატესობა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, პაციენტს ქაღალდის ტარება არ უწევს, რითაც ორი რამ გამოირიცხება – ერთი, რომ რეცეპტი არ დაიკარგოს და მეორე, ექიმის მიერ გაუგებარი ხელწერით გამოწერილი მედიკამენტი აფთიაქში არ შეეშალოთ. გარდა ამისა, ელექტრონული რეცეპტის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსა და პროფესიული განვითარების საბჭოს ხარისხის კონტროლის საშუალება ექნება.
„ეს იქნება პროცესი, როცა პაციენტი ექიმთან მიდის, ექიმი დანიშნულებას წერს, რაც სისტემაში იტვირთება. ამის შემდეგ პაციენტი ნებისმიერ აფთიაქში მიდის, პირადობის მოწმობას აჩვენებს და მედიკამენტს იღებს. თუ მას რეცეპტის გაგრძელება სჭირდება, ამის გაკეთებას თავადაც შეძლებს, მათ შორის – მობილურის აპლიკაციით. 30 წლის წინ ბუღალტრული ბალანსი ფურცელზე კალმით იწერებოდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ფურცელი და კალამი გამოირიცხა და ახლა ეს ყველაფერი ელექტრონულ პლატფორმებზე კეთდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი