ჩაკეტეს თუ არა ოთახში 5 წლის ბავშვი და რას აცხადებს გამგე – რა მოხდა გორის მე-13 საბავშვო ბაღში

„ბაგა-ბაღის პედაგოგი უმოქმედო, გაყინულ საძინებელ ოთახში რომ ბავშვს დასჯის მიზნით დაამწყვდევს, რა ეკუთვნის? ეს პედაგოგის მეთოდია?!“,- ეს მიმართვა 5 წლის ანდრია რ.-ს ბებიამ მარიამ ზერეკიძემ სოციალურ ქსელში დღეს დილით განათავსა.

„კვირა“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მარიამ ზერეკიძეს დაუკავშირდა, გაირკვა, რომ საუბარია ქალაქ გორის მე-13 საბავშვო ბაღზე. როგორც ჩვენთან საუბარში ბავშვის ბებია ამბობს, ფაქტი გუშინ მოხდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და გასულ წლებში მომხდარ ორ ინციდენტზე, თვალი იმიტომ დახუჭა, რომ ბაღის დირექციას კარგად იცნობს, რადგან წარსულში თავადაც ამ ბაღში მუშაობდა.

„მეც ამ ბაღში ვარ გაზრდილი, შემდეგ აქ ვმუშაობდი, ჩემი შვილიც ამ ბაღში გავზარდე და მიყვარს ეს ბაღი, გამგეც ძალიან მიყვარს და ყველა პედაგოგი, უცხო არავინ არ არის, მაგრამ უკვე მესამე შემთხვევაა… პირველი შემთხვევა წელიწადნახევრის წინ მოხდა, როდესაც ჩემი გოგო მივიდა ბაღში შვილის წამოსაყვანად და ბავშვი ნამტირალევი დახვდა. კარი შეაღო იმ დროს, როდესაც ძიძას საპირფარეშოდან გამოჰყავდა ანდრია, საცვალი ცოტა დაუსველდა და ამის გამო ისეთი ნაჩქმეტი ჰქონდა საჯდომზე, სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა, მაშინ მხოლოდ სამი წლის იყო ბავშვი, მოჩქმიტა მხოლოდ იმიტომ, რომ საცვალი დაისველა. მოვახდინე რეაგირება, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ძიძას მეუღლე დაეღუპა და გავჩუმდი“,– ამბობს „კვირასთან“ საუბარში ბავშვის ბებია.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მარიამ ზერეკიძის თქმით, ამჯერად თავად მივიდა, ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად, თუმცა, შვილიშვილი ბაღის ცარიელ შენობაში დახვდა ჩაკეტილი.

„ეს მოხდა შარშან, ზაფხული იყო, ეზოში ისხდნენ პედაგოგები, ბავშვები ეზოში დარბოდნენ, მშობლებს ელოდებოდნენ, თუმცა ანდრია არ იყო… როდესაც მოვიკითხე ბავშვი, აღმოჩნდა, რომ გამოუკეტავთ საპირფარეშოს კარი და ბავშვი შიგნით იყო ჩაკეტილი, ცარიელ საბავშვო ბაღში. ისევ თავი იმართლეს, არ ვიცოდით თუ შიგნით იყოო… ამაზეც გავჩუმდი, იმიტომ, რომ მაინც შინაურები არიან… აი, რაც შეეხება მესამე შემთხვევას, გუშინ მივედი, ბავშვი ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო, მითხრა, რომ ხვალ ბაღში აღარ მოვიდოდა, როდესაც ვკითხე რატომ-მეთქი, მითხრა, რომ მასწავლებელმა საძინებელ ოთახში დაამწყვდია. რადგან გამოსაშვები ჯგუფია, ბავშვები აღარ იძინებენ და ჩაკეტეს იმ გაყინულ ოთახში. დილაობით „ქინდერის“ სათამაშო თან მიაქვს ბაღში, ის მეჭირა და ბავშვს დაველაპარაკეო, ამ დროს მასწავლებელმა მითხრა, რატომ ხმაურობო და შემამწყვდია საძინებელ ოთახშიო. შემდეგ ბავშვმა თქვა რომ გააღო კარი, მაგრამ უთხრეს, რომ კარი დაეხურა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტირილი დავიწყე, გამომიყვანესო. ეს გააკეთა მასწავლებელმა ნანა ტურაშვილმა“,– ამბობს აღსაზრდელის ბებია.

მას შემდეგ, რაც ბავშვისგან მომხდარის შესახებ მოისმინა, მარიამ ზერეკიძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მეორე ცვლის პედაგოგს უთხრა.

„ვკითხე სხვა პედაგოგს, განა რა უნდა დააშაოს ბავშვმა, რომ ასე დასაჯონ-მეთქი. პასუხი იყო ის, რომ იცით რა არის, ბავშვი ვერ იგებს და!.. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადათ, აქეთ კიდევ ენა წამომიტლიკინა. მე საბერძნეთში ვმუშაობდი წლების განმავლობაში, კატამ დამკაწრა, ფეხი მოვუქნიე და ამის გამო სამსახურიდან გამომაგდეს, აქ ბავშვზეა, მითუმეტეს, საუბარი. დავუშვათ, ჩემი ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან, ხვალ ხომ სხვისი შვილი იქნება მაგ დღეში, ამიტომ პრობლემა უნდა მოგვარდეს“,- აღნიშნა მარიამ ზერეკიძემ და დასძინა, რომ ინციდენტის შემდეგ ბავშვს არ უვახშმია და მარტო დაძინებაზეც უარი თქვა, „ძილში კი წამოჯდა და იძახდა: „კარებს არ გამიღებთ?“, „კარებს არ გამიღებთ?“, ამ დროს შეიძლება ბავშვი ჭკუიდან გადავიდეს“.

კითხვაზე თუ სცადა ბაღის გამგესთან დალაპარაკება, ამბობს, რომ კი, თუმცა კაბინეტში არ დახვდა.

„კვირა“ ქალაქ გორის მე-13 საბავშო ბაღის გამგეს მზია ზაბახიძეს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ გამგე უკვე საქმის კურსშია და აღსაზრდელის ოჯახის პოზიცია მისთვის ცნობილია. მზია ზაბახიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნული სასტიკად უარყო და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„არავითარი მაგდაგვარი ფაქტი არ ყოფილა. ბავშვები უარყოფენ, ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა“, – აღნიშნა ბაღის გამგემ. კითხვაზე, ბავშვები უარყოფენ თუ მასწავლებელი, _ ამბობს, რომ ორივე.

„ბავშვები უარყოფენ და მასწავლებელი ნანა ტურაშვილი ხომ თავისთავად. უაღრესად კეთილშობილი მასწავლებელია და გამოცდილი, ძალიან ძვირფასი პედაგოგი. ბავშვების მთელი ჯგუფი უარყოფს. სად უნდა ჩაეკეტა ბავშვი, სულ ღიაა ყველაფერი“,– განაცხადა მზია ზაბახიძემ.

რაც შეეხება ბავშვის ბებიის სხვა ბრალდებებს, რომელიც მარიამ ზერეკიძის თქმით, წარსულში მოხდა, ბაღის გამგე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი თუ მოხდა, ქალბატონი მარიამი ჯერ მასთან უნდა მისულიყო და ეთქვა.

„თუ ხათრი აქვს ჩემი, უნდა მოვიდეს და მითხრას, თუ ეგეთი შემთხვევა მოხდა. მე მაგალითად, ჩემს შვილსა და შვილიშვილს არ ვანდობ ისეთ ადამიანს, თუ ოდნავ ეჭვი მეპარება მასში. ჯერ მე უნდა მითხრას და მე მივიღებ ზომებს, მაგრამ როდესაც პედაგოგი ჯგუფიდან არ გამოდის, თან ჰყვება ბავშვებს, რაზეა საუბარი… და ისეც ჩვენ ყველა ოთხაში გვაქვს გათბობა, საძინებელ ოთხაში გვაქვს „კარმა“,- აცხადებს მზია ზაბახიძე.

მე-13 საბავშვო ბაღის გამგე ამბობს, რომ ანდრიას დღეს ესაუბრა, მან მსგავსი ფაქტი უარყო და არ დაადასტურა.

„ბავშვი უარყოფს, არა მასწვალებელოო…დღეს ვესაუბრე… ჩემი შვილიშვილიც ამ ჯგუფშია, და ყველა ბავშვს რომ რაღაცის გამო უარი ეთქვა, ჩემი შვილიშვილი მაინც არ მეტყოდა ტყუილს. მე საღამოს 6 საათამდე ბაღში ვარ და ის რომ ქალბატონ მარიამს არ დავხვდი ბაღში, არის სიცრუე. მე 40 წელია ამ ბაღში ვმუშაობ და ბავშვებს ოდნავ ხმამაღალ სიტყვას არ ვეუბნებით, ეს არის გამორიცხული“,- განაცხდა „კვირასთან“ საუბარში ბაღის გამგემ და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღში კამერები არ არის, რადგან თანხებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები