გიორგი მიქაუტაძე: ანა დოლიძის პროვოკაციული განცხადებები უვადო მოსამართლეების გამწესების პროცესის ჩაშლისკენაა მიმართული

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის საბჭოში, სადაც უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების მეორე ეტაპი გაიმართა, განაცხადა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს, რომელიც უვადო მოსამართლეების გამწესების პროცესის ჩაშლისკენაა მიმართული.
მისივე თქმით, ანა დოლიძის მიზანი სასამართლო სისტემაში ხელოვნური კრიზისის გამოწვევაა, რასაც იუსტიციის საბჭო არ დაუშვებს.
”ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ არამოსამართლე ახალი წევრის ეს პროვოკაციული განცხადებები, რაც ამ ორი დღის განმავლობაში გაჟღერდა, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ ჩაიშალოს გასაუბრების და მოსამართლეთა უვადო გამწესების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ამ ყველაფრის გრძელვადიანი მიზანი არის ის, რომ ხელოვნურად გამოიწვიოს კრიზისი სასამართლოში, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მან ყურადღება დოლიძის კომენტარზეც გაამახვილა, რომლის მიხედვით, უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები, საბჭოს წევრების მითითებით, მის აცილებას გასაუბრებიდან ცდილობენ. როგორც მიქაუტაძე განმარტავს, საბჭოს წევრების მხრიდან არც ერთ მოსამართლე კანდიდატს ანა დოლიძის აცილებასთან დაკავშირებით მითითება არ ჰქონია.
”მოსამართლეს აცილების საკითხის დაყენებას ნამდვილად ვერავინ მიუთითებს და ასეთი პრეცედენტი რამდენიმე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისტორიაში, ზოგადად. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ის პროვოკაციული, არაეთიკური და არაკორექტული განცხადებები, რომლებიც გავრცელდა მედიაში, გახდა იმის საფუძველი, რომ მოსამართლეებმა დააყენეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის აცილების საკითხი”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადო მოსამართლეობასთან დაკავშირებით, განაცხადი 51-მა კანდიდატმა შეიტანა. გასაუბრების ეტაპი კი 8 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები