ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2017 წლის ანგარიშზე და საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე იმსჯელეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე.

ღონისძიების მონაწილეებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე მიესალმა, რომელმაც საბჭოს გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„2017 წლის დასაწყისში, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც თავდაპირველად 2017-18 წლებში განსახორციელებელ საქმიანობას მოიცავდა, თუმცა ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს რეკომენდაციით, სამოქმედო გეგმა ორად გაიყო და 2017 წლის გეგმა ცალკე დამტკიცდა. საანგარიშო წლის განმავლობაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებდა. გეგმის ფარგლებში პარლამენტმა 24 ვალდებულება აიღო, რომლიდანაც 13 სრულად, ხოლო 11 ნაწილობრივ შესრულდა. მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ვალდებულება როგორიცაა პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, რომელიც მომზადდა და უკვე ინიცირებულია. ასევე აღსანიშნავია საკანონმდებლო წინადადებისა და ინიციატივის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი. აღნიშნული წესის დამკვიდრების შემდეგ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ პეტიციია პირდაპირ, ელექტრონული ფორმით წარუდგინონ პარლამენტს. მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პარლამენტის ვებ-გვერდის ახალ კონცეფციაზეც იმუშავა, რომლის პრეზენტაციასაც წარმოგიდგენთ და ასევე ვიმსჯელებთ იმ პროცესზე თუ როგორ მომზადდება 2018-19 წლების სამოქმედო გეგმა და რა სიახლეებს ვგეგმავთ ამ კუთხით“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.

სხდომაზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა, სოფი ჰუე გერიშიმ, თავის გამოსვლაში საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგისა და ზედამხედველობის როლზე ისაუბრა. „ღია პარლამენტი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალეობას აძლიერებს. იგი ქმნის დამატებით შესაძლებლობებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და მოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ჰუე გერიშიმ.

გამჭვირვალეობის გეგმის შესრულების კუთხით პარლამენტის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძრვანელმა (UNDP), გიგი ბრეგაძემ. „ვულოცავ პარლამენტს მიღწეულ შედეგს, რომელშიც ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, სამოქალაქო საზოგადოებას და დონორ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. აქვე აღვნიშნავ საბიუჯეტო ღიაობის კუთხით ქვეყნის წარმატებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წელთან შედარებით, საქართველო 27 ქულით გადაინაცვლა და ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იმყოფება“, – განაცხადა გიგი ბრეგაძემ.

მუდმივმოქმედი საბჭოს ხელმძღვანელმა, ირინე ფრუიძემ დამსწრეთ 2017 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. მომხსენებელმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ღია მმართველობის პარტნიორობის ისეთ პრინციპებს ემყარება როგორიცაა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა, ტექნოლოგიები და ინოვაციები. ირინე ფრუიძემ დეტალურად ისაუბრა თითოეულ ვალდებულებაზე და მათი შესრულების მიმდინარეობაც შეაფასა. „სამოქალაქო გეგმის 24 ვალდებულებიდან 5 ინიციატივის ავტორია საქართველოს პარლამენტი, ხოლო 19 „საქართველოს ღია პარლამენტის საკონსულტაციო ჯგუფის“ წევრ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეკუთვნის. სამოქმედო გეგმის ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლებმაც წლის განმავლობაში არაერთი სხდომა გამართეს“, – განაცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა.

ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქეთევან ცანავამ. მომხსენებელმა მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველოში დაგეგმილ ღია მმართველობის სამიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოების წინ და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, აღნიშნული შეხვედრის გამართვა მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო გეგმას, ქეთევან ცანავას განცხადებით, მთავრობამ ოთხი ძირითადი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომლებიც საფუძვლად დაედება სამოქმედო გეგმას და რომლის ირგვლივაც მოხდება ვალდებულებების გაწერა. „ჩვენ შევარჩიეთ ისეთი მიმართულებები, სადაც საქართველო ძლიერი კუთხით არის წარმოჩენილი და რომელთა კიდევ უფრო გაძლიერება გვსურს. უკვე დაწყებული გვაქვს ახალი სამოქმედო გეგმის იდეების შეგროვება, რამდენიმე სამთავრობო უწყებამ საკუთარი ხედვები წარმოადგინა, რომელთაც მუდმივმოქმედ საბჭოს გადმოვუგზავნით. რაც შეეხება ივლისში გასამართ სამიტს – მისი უკეთ ორგანიზებისთვის უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფი შევქმენით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად იმუშავებს“, – განაცხადა ქეთევან ცანავამ.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი სხდომა, საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დაგეგმვით გაგრძელდა. საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მონაწილებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. საბჭოს ხელმძრვანელმა სხდომის მონაწილეებს გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობის არეალის გაზრდა და საჯარო კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. „გთავაზობთ ორი კვირის ვადაში პირველადი იდეები ჩამოვაყალიბოთ, მარტის თვეში საჯარო განხილვების ფორმატში გასვლითი შეხვედრები გავმართოთ და აპრილის დასაწყისში იმ დროისთვის არსებული შედეგები და იდეები შევაჯამოთ“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.

ერთობლივი სხდომის დასასრულს საქართველოს პარლამენტის ახალი ვებ-გვერდის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია „ლივინგსტონის“ წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს ვებ-გვერდის სტრუქტურის, შინაარსის და ვიზუალური მხარის კონცეფცია გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის ახალი ვებ გვერდი მომხმარებლებს შესთავაზებს.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი სხდომა საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის უფროსი, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სამოქალაქო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები