ვახტანგ შაქარიშვილი: საზოგადოება ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა, იმ სტანდარტზე გადასვლა მოახერხა, რომლის მიხედვითაც დამნაშავე, განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებისა – ისჯება.

„მომხდარ ფაქტზე არცერთი ჩვენგანის თვითმიზანი არ არის მხოლოდ ვინმეს დასჯა, არამედ იმის უზრუნველყოფაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველა მოქალაქისთვის იყო უსაფრთხო“ – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა. სხდომაზე, რომელზეც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევას განიხილავენ, დეპუტატმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი დამნაშავის დასაცავად ერთიანდებოდა და ცდილობდა ის მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარიყო. „ახლა ეს მანკიერი სტანდარტი შეცვლილია და თუ ადამიანის ბრალი არგუმენტირებულად დადასტურდება – ის დაისჯება“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით, ხელისუფლება სწორედ ამ სტანდარტის მიხედვით იმოქმედებს. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, ვახტანგ შაქარიშვილი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია ჩვეულ სტილში მოქმედებს, როდესაც ხელისუფლებას უაპელაციოდ, „მკვლელ ორგანიზაციას“ უწოდებს. ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მწვავე კითხვებს სვამენ, უაპელაციოდ ადამიანებს არ ადანაშაულებენ და კითხვებზე, მათგან განსხვავებით, პასუხს ელოდებიან. „დარწმუნებული ვარ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი საქმის ირგვლივ საზოგადოება ყველა კითხვაზე ძალიან მალე მიიღებს პასუხს“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები