ლევან ვასაძე: პარლამენტმა საზოგადოება ჩოქმბჯენში დააყენა

საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრმინაციული კანონის დამტკიცებისას ქართული საზოგადოება ჩოქმბჯენში დააყენა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ გადაცემაში „შუადღე“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენმა პარლამენტმა ანტისკრიმინაციული კანონის მიღებით, ჩვენი საზოგადოება ყველანაირად ჩოქმბჯენში გადაიყვანა. ჩოქმბჯენი კაცებმა ვიცით, რაც არის, ვისაც ჭიდაობა უყვარს. როცა სჯიან მოჭიდავეს, აყენებენ ოთხზე და მეორე მოჭიდავე ზემოდან აჯდება და უბრძანებენ, რომ შენ აქედან გააგრძელე ჭიდაობაო. აი, ჩვენმა პარლამენტმა ჩვენი საზოგადოება ჩოქმბჯენში დააყენა ამ კანონის მიღებით. თუ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა კანონის რატიფიკაცია მოახდინა, ჩვენი ქვეყანა შეუერთდა იმ ქვეყანათა რიგს, რომლებსაც ისღა დარჩენია სახვეწარი, დემოკრატიული სისტემისგან, რომ ქორწინებას ნუღარ დაგვიკანონებთო, ბავშვების აყვანასო. ეს არის ყველა ცუდის წაქეზება“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.
ბიზნესმენმა გადაცემის მსვლელობის დროს კომენტარი გეების შესახებ გადაღებულ ქართულ ახალ ფილმზე – „ჩვენ ვართ გიჟებზეც“ გააკეთა. ლევან ვასაძის განცხადებით, რუსთაველის კინოთეატრის მფლობელი გია ბაზღაძე მისი მეგობარია. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ თუ გია ბაზღაძემ ამ ფილმის ჩვენება გადაწყვიტა, ქართული საზოგადოებისგან უარყოფითი რეაქციას გამოიწვევს.
„მე ჭორად ვიცი, რომ რაღაც უმსგავსო ფილმი გადაიღესო. რომ ერთ კახელ ბიჭუნას მეორე მეგრელი ბიჭი შეუყვარდა. ამ ფილმის გაშვებას აპირებენ რუსთაველის კინოთეატრშიო. ჩემი მეგობარია გია ბაზღაძე, კინოთეატრ „რუსთაველის“ მფლობელი. მე მას ეგეთ კაცად არ ვიცნობ და თუ ის იკადრებს და ეგეთ რაღაცას გაუშვებს, მაშინ თავის თავს დააბრალოს, რას გამოიწვევს ეს საზოგადოებაში“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ფილმის „ჩვენ ვართ გიჟები“ რეჟისორი ოთარ მიქელაძეა. ფილმის გადაღებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები