თბილისის ზღვაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევ ი.ბ.-ს და ა.ბ.-ს შორის, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ჯიხურში, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ი.ბ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ა.ბ.-ს ხელებით და ფეხებით ძლიერად სცემა, შემდეგ კი იგი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ი.ბ.-მ კვალის დამალვის მიზნით, გვამს ტანსაცმელი დააყარა, გარედან ჩაკეტა ჯიხურის კარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 15 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, –აღნიშნულია ინფორმაციაში.