სამართალდამცველები სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტით დაინტერესდნენ

სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ეს პროცესი გაგრძელდება არასამთავრობო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით იმიტომ, რომ, მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოსაგვარებელი საკითხი.

„სვანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ჩვენ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ. დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმიტომ, რომ, საკითხი სენსიტიურია, კომპლექსურია, ამ პროცესებში არასრულწლოვნები არიან ჩართული და შესაბამისად, ვთვლით, რომ სოციალური სამსახურების როლიც ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოძიება მიმდინარეობს, ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს და ახალი დეპარტამენტის კონტექსტში, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რომ ყველა მხარე, რომელსაც ამ საქმისადმი აქვს ინტერესი, მზად ვართ შევხვდეთ ამ ადამიანებს, გავესაუბროთ და ერთობლივად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება.

ეს პროცესი გაგრძელდება არასამთავრობო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოსაგვარებელი საკითხი. ეს ადამიანები შინაპატიმრობაში იმყოფებიან თუ არა, ამ საკითხს გამოძიება დაადგენს. სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება, რომ გავარკვიოთ, არიან თუ არა შინაპატიმრობაში. ჩვენთვის როგორც კი ცნობილი გახდა, დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება და დავიწყეთ გამოძიება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები