“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თავის კონსტიტუციას იღებს დამოუკიდებლად და ამის შემდეგ კონსტიტუცია განიხილება საქართველოს პარლამენტში”

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, თავის კონსტიტუციას იღებს დამოუკიდებლად და  მხოლოდ ამის შემდეგ ერთვება პროცესში საქართველოს პარლამენტი, რომელიც ორგანული კანონით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას”,-ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის შეკითხვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს მისაღებია და ეს განსხვავება დასაშვებია.

„ჩვენ ფორმალურადაც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ჩავერიოთ ამ პროცესში. თუმცა, ვადევნებთ თვალ-ყურს ამ პროცესს და ვიცით, რომ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 15 დეპუტატის არჩევას პროპორციული წესით, ხოლო 6 დეპუტატის არჩევას  მაჟორიტარული წესით. ეს არის საბოლოო ჯამში, უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი. რაც შეეხება განსხვავებას ეს დასაშვებია. ჩვენ სხვა სისტემა გვაქვს იგივე ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ეს არის ხელისუფლების სამი სხვადასხვა დონე. შეიძლება სხვა ტიპის ჩატარდეს თვითმმართველობისთვის, სხვა ტიპის აჭარისთვის და სხვა ტიპის საქართველოს პარლამენტისთვის. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს უმაღლესი საბჭო და ამის საფუძველზე უკვე კონსტიტუცია განიხილება საქართველოს პარლამენტში”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები