მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას იწყებს. ობიექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია იმყოფებოდნენ.

როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, პროექტი ითვალისწინებს კაშხალის ათივე ფარის ამოწევას და მათ გახსნილ მდგომარეობაში დაფიქსირებას.  აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც შედგება კაშხალისა და რაბრეგულატორისგან; შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება ნაგებობა და კეთილმოეწყობა ნაგებობის მომსახურე ოფისი და მიმდებარე ტერიტორია. პროექტის მიხედვით, ჩატარდება ყველა საჭირო სამუშაო, რათა შესაძლო წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს, გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა იმისათვის, რომ არ მოხდეს ქ. ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს დატბორვა.

ობიექტი შპს „საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაში 2017 წლის 1 დეკემბერს გადავიდა. არსებული მდგომარეობის შესასწავლად კომპანიამ ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ნაგებობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე  ლარი დაიხარჯება.

სარეგულაციო ჰიდროკვანძის ობიექტზე ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ფოთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები