ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის ფარგლებში თბილისში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის ფარგლებში თბილისში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამჟამად  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე აღწერითი სამუშაოების შედეგად მიღებულ  მონაცემების შემოწმება-კორექტირების სამუშაოებს და  ხარისხის კონტროლის საბოლოო პროცედურებს ახორციელებს.

41 ათასზე მეტ, შესაბამისი ფოტომასალით აღწერილ ობიექტს შორის არის განთავსებისა და კვების, ისტორიული, კულტურული,  სპორტული, რეკრეაციული, ტურისტული, სავაჭრო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, ბანკები, ბანკომატები, ბენზინ და გაზგასამართი სადგურები და სხვა.   სრულად იქნა აღწერილი გზათა ქსელი და საგზაო ნიშნები.

საველე წესით შეგროვებულ გეოგრაფიულ მონაცემებს, საჯარო რეესტრი, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დაამუშავებს და  ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. პარალელურად, სააგენტო ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად მუშაობს, რომელშიც  შეგროვებული მონაცემები ჩაიტვირთება.  მობილური აპლიკაცია მოხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს.

საჯარო რეესტრი გეომონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც  მონაცემებს  თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და მონაცემების მსოფლიო სანავიგაციო სისტემებში ინტეგრირების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული ნავიგაციის სისტემის შექმნისა და განვითარების  პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში  ქვეყნის მასშტაბით უკვე დასრულებულია: შავი ზღვის სანაპირო ზოლის, შიდა ქართლი და ქვემო ქართლის მსხვილი დასახლებული პუნქტების, ასევე, შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების საველე აღწერა.  სულ აღწერილია: 860  კმ2  არეალი,   63 658  ინტერესის ობიექტი, 39 034 საგზაო ნიშანი და 6 407   კმ გზათა ქსელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები