არჩევნებისთვის კანონის მოთხოვნათა დაცვის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ტერმინებისა და ქმედების დაზუსტებას და ერთგვაროვან ინტერპრეტაციაზე შეთანხმებას ითვალისწინებს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის კანონის მოთხოვნათა დაცვა და ერთიან სტანდარტზე შეთანხმებაა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებია − „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“; „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის, „ახალი თაობა − ახალი ინიციატივის“ წარმომადგენლებმა.
მემორანდუმი აზუსტებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: წინასაარჩევნო აგიტაციის განსაზღვრება, აგიტაციაში მონაწილეობის ცნება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვ. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო აგიტაციად მიიჩნევა წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა, მსვლელობა, მაისურის ან სხვა ატრიბუტის ტარება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდამჭერი გამოსახულებით.
დაზუსტებულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის აკრძალვა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას და განმარტებულია, რომ სამუშაო საათებში არ ჩაითვლება შესვენებისთვის განკუთვნილი დრო. მემორანდუმი განსაზღვრავს საარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ვალდებულებებსაც და ადგენს, რომ მათ უნდა ეცვათ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი; იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია იმართება შენობის გარეთ, არ მიუახლოვდნენ შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე და არ დაუშვან შეკრების მონაწილეებთან დაპირისპირებული ძალის მიახლოება; ხოლო შენობაში ან სხვა დახურულ სივრცეში მიმდინარე შეკრებისას დაიცვან შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვან შენობაში დაპირისპირებული ძალის შესვლა.
მემორანდუმი აკონკრეტებს ადმინისტრაციული შენობების გამოყენებისა და გამოყენებაზე უარის თქმის ფორმებსა და ვადებს და განმარტავს, რომ შენობების ერთი პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების ან საარჩევნო სუბიექტის მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, თუ იმავე სახის შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს ან საარჩევნო სუბიექტებს არ მიეცათ, ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევად იმ თანამდებობის პირის მიერ, ვინც უმოქმედობით ან დაუსაბუთებელი უარით არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას.
დოკუმენტი ასევე აზუსტებს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვას საარჩევნო აგიტაციაში და განმარტავს, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, რომელთა დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს. დოკუმენტის ხელმომწერი ორგანიზაციები აცნობიერებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და იზიარებენ ადამიანური განზომილების შესახებ ეუთოს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს „ნათელი განსხვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის“ (მუხლი 5.4), და რომ სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს „პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები აუცილებელი სამართლებრივი გარანტიებით, რათა მისცეს მათ ერთმანეთთან შეჯიბრების საშუალება კანონისა და ხელისუფლების წინაშე თანაბარი პირობების საფუძველზე“ (მუხლი 7.6).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები