განათლების სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მხარდაჭერის ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი სოციალურად დაუცველი სტუდენტების სტაჟირებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ამით, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.
ხელშეკრულება უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტების პროფესიული უნარების განმტკიცებასა და მათთვის დასაქმების ხელმისაწვდომობას, რომლებიც სწავლობენ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პირველი და მეორე საფეხურების საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსებისა და მარკეტინგის სპეციალობაზე. სტუდენტები საქართველოს მასშტაბით მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გაივლიან სტაჟირებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიციის ამაღლებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას.