ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი ხვალ განახლდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. პროცესი 5-ის ნახევარზეა ჩანიშნული.

შესავალი სიტყვით ბრალდებისა და დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე წინა პროცესზე, 22 იანვარს უნდა წარდგენილიყვნენ, თუმცა პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარადგინა და მთელი დრო ნივთიერი მტკიცებულებების ექსპერტიზის დასაშვებობას დაეთმო.

22 იანვარს სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მკლელობისთვის ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადახედა და მათ მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები