გერმანია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჟენევაში მორიგ შეხვედრას ითხოვს
უკრაინაში მდგომარეობის გამწვავების გამო, გერმანია ჟენევაში მორიგი შეხვედრის გამართვას ითხოვს. ამ საკითხზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია კონკრეტული შეთანხმება, რომელიც კრიზისს შეაჩერებს.
“ნებისმიერი შეყოვნება, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს, რადგან არ არის გამორიცხული ამას მორიგი მსხვერპლი მოჰყვეს”, – აღნიშნა შტაინამიერმა.
დღესვე ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთს კანადა მორიგ სანქციებს უწესებს. შეზღუდვები ამჯერად რამდენიმე ბანკს, საავიაციო და სამშენებლო ჯგუფებს შეეხო. ჯონ მაკკეინი კი აცხადებს, რომ სენატორების ჯგუფი კანონპროექტს ამზადებს, რომელიც უკრაინის დასახმარებლად 100 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
“გვსურს, გამოვყოთ თანხა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და გავაგებინოთ პუტინს, რომ უკრაინის ოკუპაციის მცდელობისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის”, – აცხადებს ამერიკელი სენატორი.