პროკურორი: ანატოლი ბერძენიშვილმა ახმეტ ჩატაევის ხოფადან ტრანსპორტირება უზრუნველყო

ბრალდების მხარე ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
როგორც პროკურორმა ნანა ხუნჯუამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ანატოლი ბერძენიშვილი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ახმეტ ჩატაევს დაეხმარა და მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო ქალაქ ხოფადან.
პროკურორის თქმით, ბრალდებული ახმეტ ჩატაევს პირადად შეხვდა და საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე ნივთიერი მტკიცებულებების სახით.
ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს, თბილისში დააკავა.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, –აცხადებენ სუს–ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები