იან კელი: ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ გვსურს საქართველო იყოს წარმატებული

„ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ გვსურს საქართველო იყოს წარმატებული“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის სამინისტროში მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელჩის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველო წარმატებული იყოს, ძალიან ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, რაც საშუალებას მისცემს, შეაკავოს აგრესია და ის გარე ძალები, რომელიც ქვეყანას ზიანს აყენებს.
„ყოველთვის მოხარული ვარ, როცა თავდაცვის სამინისტროში ჩემს შესანიშნავ მეგობრებს – მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ვხვდები. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ ეტაპზე. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ძალიან კარგ ეტაპზეა გადასული, რადგან ჩვენ ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ. იცით, რომ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც საქართველოს ძალიან საჭირო თავდაცვითი შეიარაღებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ასევე, ველით ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ახალ მიმართულებებს. ვიწყებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას. ვფიქრობ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა მიმართულებით შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ გვსურს საქართველო იყოს წარმატებული. იმისათვის, რომ საქართველო წარმატებული იყოს, უნდა გააჩნდეს ძალიან ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს შეაკავოს აგრესია და ის გარე ძალები, რომელიც ქვეყანას ზიანს აყენებს“, – აღნიშნა იან კელიმ. ელჩის კომენტარს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინების“ სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები