ფარულ მოსმენებსა და მიყურადებაზე განხილული შუამდგომლობები შემცირდა
2012 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფარულ მოსმენებსა და მიყურადებაზე 11 ათას 580 შუამდგომლობაა განხილული, ხოლო 2013 წელს განხილულია 3 ათას 699 შუამდგომლობა. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. აღნიშნული შუამდგომლობებიდან 2012 წელს დაკმაყოფილდა 11 ათას 551, ხოლო 2013 წელს დაკმაყოფილდა – 3419. გარდა ამისა, 2014 წლის სამ თვეში განხილულია 886 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 801. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განხილულ შუამდგომლობებზე “პრაიმტაიმთან” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი საუბრობს.
“კანონი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ პირველად (1998 წელს) ძალიან დაუსაბუთებულად იყო მიღებული. ფაქტობრივად, პროკურატურას მაშინ შეეძლო, ერთი ფურცელი მოეტანა სასამართლოში და მხოლოდ მის საფუძველზე მოეთხოვა ფარულ მოსმენაზე სანქციის მიღება, 10-დან 9 შემთხვევაში ეს ასეც ხდებოდა. შემდეგ მცირე ცვლილება შევიდა 2005 წელს, როცა ჩაიწერა, რომ ერთი ფურცელი კი არა, გარკვეული მასალაც უნდა წარმოედგინა პროკურატურას. თუმცა ამ ცვლილებასაც არ მოუხდენია მაინცდამაინც დიდი გავლენა. 2012 წელს კიდევ შეიცვალა სტანდარტი და, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, თავად მოსამართლეებმა აამაღლეს მოთხოვნა.
ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რა სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა მოსამართლეს ნებართვის გაცემის დროს. ამან, ცხადია, ძალიან ასწია სტანდარტი, თუმცა ამჟამად პარლამენტში განსახილველად გატანილ პროექტში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია შემოთავაზებული. 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, რომ მაღალი სტანდარტის გამო შეწყდა დიდი მომართვიანობა მოსმენებზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით, აქვე მინდა გითხრათ, რომ რაც თბილისში მოქმედმა საგამოძიებო ორგანოებმა შემოიტანეს, იმ დონეზე იყო მომზადებული შუამდგომლობები, რომ 80-90 პროცენტი კმაყოფილდება. თუმცა ეს ხდება, ძირითადად, თბილისში. რეგიონებში ეს მომართვიანობა თითქმის არ ფიქსირდება”, – აცხადებს კონსტანტინე კუბლაშვილი.