მარნეულის რაიონის სკოლებში, პროფილაქტიკის მიზნით, მონიტორინგი მიმდინარეობს

მარნეულის საჯარო სკოლაში, სადაც 6 წლის ბავშვი მენინგოკოკცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა, უკვე მეორე დღეა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა ელმან ჯაფარლიმ განუცხადა.
მისივე თქმით, სკოლის შენობას მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადება კონტროლისა და ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა დეზინფექცია ჩაუტარეს.
„კვირას სკოლის შენობაში, საკლასო ოთახებს და დერეფნებში ჩატარდა დეზინფეცია და სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“ – აცხადებს სკოლის დირექტორი.
როგორც „კვირას“ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადება კონტროლისა და ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განუცხადა, ტერიტორიის დეზინფექციის გარდა, სკოლის პედაგოგსა და გარდაცვლილი ბავშვის კლასელებს ერთჯერადი ანტიბიოტიკები გაუკეთდათ.
„სკოლის შენობაში ჩავატარეთ დეზინფექცია, გარდა ამისა, კლასის დამრიგებელს და გარდაცვლილი ბავშვის კლასელებს, პროფილაქტიკის მიზნით, ანტიბიოტიკები ერთჯერადი სახით გავუკეთეთ. გარდა ამისა, 6 წლის ბავშვის ოჯახის წევრებს მონიტორინგს ვუწევთ და თითქმის ყოველდღე ვაკონტროლებთ. რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის საცხოვრებელ სახლს, იქ დეზინფექცია არ ჩაგვიტარებია“ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ეთერ ლაფერაძე.
თუმცა, აღნიშნავს, რომ პროფილაქტიკის მიზნით, ოჯახის წევრების გარდა, მონიტორინგს მეზობლებსაც უტარებენ.
მისივე თქმით, ცენტრის თანამშრომლები მომხდარი ფაქტის შემდეგ და გრიპის ვირუსის პერიოდთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში მონიტორინგს ატარებენ.
ეთერ ლაფერაძის ინფორმაციით, მონიტორინგის მიზანია, გაარკვიოს თითოეული მოსწავლის გაცდენის მიზეზი ხომ არ არის გამოწვეული გრიპის ვირუსით, ან რაიმე სხვა პათოლოგიით.
მისივე განმარტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მენგოკოკცემიის შემთხვევა ბოლო 5 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 6 წლის ბიჭი მენინოკოკცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. მოზარდი მარნეულის რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლის პირველკლასელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები