ჰელსინგში გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფორუმი გაიმართა

ჰელსინგში გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფორუმი გაიმართა, რომელსაც 30-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწე ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში ენდი ვებერი და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი თომას ფრიდენი.
საქართველოს დელეგაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ დანელია წარმოადგენდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეები მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ისეთი გლობალური საკითხების ერთიანი მართვა, როგორიც არის ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოება.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ გლობალური ჯანდაცვის ინიციატივაში საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სხვა ფაქტორებთან ერთად ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ლუგარის ლაბორატორიაა. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ შემდეგი შეხვედრა უკვე სექტემბერში თეთრ სახლში გაიმართება.
ჰელსინგში გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან გამართა.
გლობალური უსაფრთხოების ჯანმრთელობის ფორუმი, 5-6 მაისს ჰელსინგში G 7-ის წევრი სახელმწიფოების ეგიდით გაიმართა. ჯანდაცვის სისტემაში არსებობს საკითხები, რომლებიც ვერ გადაწყდება თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დონეზე, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ეს სისტემა. ასეთი საკითხები გლობალურ მართვას და მენეჯმენტს მოითხოვს, ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც მოიაზრება ერთიანი ჯანდაცვის კონცეფციაში, რაც ნიშნავს ადამიანის ცხოველისა და მცენარის დაავადებების რისკების მართვას. ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო და, როგორც წესი, მისი მართვა ხდებოდა ჯანდაცვის გლობალური ორგანიზაციების მიერ. როგორიც არის; ავადობის კონტროლის ცენტრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს როლი ამ გლობალური ჯანდაცვის ინიციატივაში გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც თავისი შესაძლებლობებით რეგიონში გამორჩეულია, გახდა სახელმწიფო ჯანდაცვის ნაწილი და დაიწყო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირება. ამ პროექტმა გაზარდა საქართველოს როლი გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში. ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა წელს თებერვალში ვაშინგტონში შედგა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას წარმოდგენილი ექნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი მიმართულებები, მიღწევები, განვითარების პერსპექტივა და დაგეგმარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული გლობალური უსაფრთხოება. მთელი რიგი დაავადებები არ გახლავთ მხოლოდ ერთი ქვეყნის პასუხისმგებლობა.
დღეს ისევე როგორც ბევრი მიმართულება განიცდის გლობალიზაციას ასევე ჯანმრთელობის დაცვაში არსებული პრობლემები მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მიერ ვერ წყდება. აქედან გამომდინარე საჭიროა სერიოზული გლობალური თანამშრომლობა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ყოველწლიურად ჩნდება სულ უფრო მეტი ახალი ინფექციები, იგივე ვირუსული გრიპის მრავალსახეობა. სწორედ ამ ყველაფრის პროგნოზირება და დროული დეტექცია რომ მოხდეს და იყოს დროული პასუხი ამ დიდ გლობალურ გამოწვევებზე, საჭიროა სერიოზული თანამშრომლობა. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები დაავადებების გარდა ქიმიურ უსაფრთხოებას, ბიოლოგიურ უსაფრთხოებას მოიცავს. ესეც არ გახლავთ საკმარისი, მას შემდეგ რაც 9-11-ი შემდეგ ჯილეხის ჩხირები დაიგზავნა ფოსტით, მიკრობები ტერორისტებმა დააგზავნეს. ბიოლოგიური პროდუქტების ტერორისტული მიზნით გამოყენების საფრთხე გაიზარდა. შესაბამისი პასუხი უნდა მრავალმხრივი იყოს: დროული დიაგნოსტიკა, ამ საფრთხეების თავიდან აცილება და სწრაფი რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები