„ჩვენ დარდების შემგროვებელნი უფრო ვართ“… –  რა არის ირაკლი ხოტეველის ბავშვობის ოცნების ფილმი?

კინემატოგრაფი ბავშვობიდან უყვარდა. პირველ ფოტოებს მეგობრის სახელოსნოში ამჟღავნებდა და ბეჭდავდა. სურვილი აისრულა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოცმოდნეობის სპციალობაზე ჩააბარა, კინოს ისტორიას ეზიარა და  წერილებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა.
თუმცა მოგვიანებით მეორე პროფესია – ბარმენობა შეითავსა. ამჟამად ბარმენთა ასოციაციის წევრი და კოლეჯ „იკაროსის“ პედაგოგია. ახალგაზრდებს უზიარებს ცოდნას და გამოცდილებას.
მაგრამ ფიქრებით გამუდმებით კინემატოგრაფს დასტრიალებს და ფილმის გადაღებაზე ოცნებობს, რომელიც ყველა იმ ტკივილსა და საფიქრალს მოიცავს, რაც აწუხებს ადამიანს და მის სულიერ სამყაროს.  – ირაკლი  ხოტეველის პერსონა.

– ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. როგორც ყველას, ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა… თბილისის 182-ე სკოლაში ვსწავლობდი  ნორმალურად, კარგად. შემიძლია ვთქვა, რომ მეცხრე კლასამდე ხუთებზეც კი.  გავიზარდე ე.წ. პერესტროიკის – გარდაქმნის დროს.  ძალიან საინტერესო ეპოქაში მომიწია ცხოვრებამ და სწავლამ.  ეროვნული მოძრაობა იწყებოდა და სკოლა რომ დავამთავრე, უკვე სხვანაირად დამუხტული ვიყავი… ამ დროს ყალიბდებოდა ჩემი ცნობიერება. ამ რაკურსიდან რომ ვაფასებ იმ მოვლენებს, მართლაც დიდი კატაკლიზმების პერიოდი იყო ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის.
ამაყი ვარ, რომ იმ პერიოდში ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის  კინომცოდნეობის სპეციალობაზე, დღესაც მენატრება ის ლექციები და ლექტორები. იმდენად კარგი ლექტორები მასწავლიდნენ და ისეთი საინტერესო იყო ის ლექციები, რომ სურვილიც არ გიჩნდებოდა, სწავლას მოწყვეტილიყავი.
აქვე დავამატებ, რომ ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა მომწონდა და მიყვარდა, კინემატოგრაფი. პირველად ფოტოგრაფიას, ჩემი მეგობრის, ამჟამად ნათლულის, ვასილ ბზიშვილის პატარა ფოტოსახელოსნოში ვეზიარე. სახლში ჰქონდა სახელოსნო… ხშირად მივდიოდი იქ, ვიღებდით ფოტოებს და მერე ვამჟღავნებდით. მისტიკური იყო, როცა ქაღალდებზე ამოდიოდა ეს გამოსახულება. ამან მიბიძგა, კინოსთვის დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება. მინდოდა კინორეჟისორი გავმხდარიყავი.
– ჩააბარეთ კინომცოდნეობის სპეციალობაზე. თქვენი  წერილები, რეცენზიები კინოზე იმდროინდელ პერიოდულ პრესაში ქვეყნდებოდა…
– იმ წლებმა ბევრი რამ მომცა, როგორც ადამიანს, სპეციალისტს პროფესიონალს… და ასე ვყალიბდებოდი კინომცოდნედ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ  კინოკრიტიკოსად. კინემატოგრაფს, კინოს ისტორიას ვეზიარე,  ჩართული ვიყავი ამ პროცესში და რეცენზიებს ვწერდი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობა. ზოგან მცირე იყო ანაზღაურება, ზოგან საერთოდ არ იყო. ამ დროს დავიწყე ფიქრი მეორე პროფესიის შეძენაზე, რომელიც გამომადგებოდა და მომცემდა იმის შანსს, რომ იმაზე მეტი ხელფასი მქონოდა, ვიდრე მქონდა, ამ დროს გავიცანი  საქართველოს ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ჟაკო ჯორჯაძე, ასოციაცია ფეხს იდგამდა იმ პერიოდში და როგორც ამ ასოციაციის და ჟაკო ჯორჯაძის ერთ-ერთმა მოსწავლემ,  სწავლა დავიწყე აქ.
– ანუ ორი საქმე შეითავსეთ – ბარმენობა და კინომცოდნეობა?
– ბატონმა ჟაკომ ბევრი რამ მომცა თავისი გამოცდილებიდან, თან ვსწავლობდი ბარმენობას, თან ვმუშაობდი. ვთანამშრომლობდი ჟურნალ-გაზეთებთან, ფაქტობრივად  ორ ფრონტზე მიხდებოდა მოღვაწეობა. ეს ორი ფრონტი დღესაც გრძელდება.
ჟაკო  ჯორჯაძესთან ურთიერთობამ ნამდვილ სპეციალისტად, პროფესიონალ ბარმენად ჩამომაყალიბა… ის პერიოდია, როცა ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ათვითცნობიერებდა ბარმენის პროფესიას, თავისი დამოკიდებულება ჰქონდა. არ მინდა ვთქვა, რომ უარყოფითი იყო ეს დამოკიდებულება, მაგრამ სხვა რაკურსით უყურებდნენ ასეთი ტიპის სპეციალობებს. ამიტომაც შევბედე, შევყევი ამ თემას და დავამთავრე თუ არა, მალევე დავსაქმდი და ბარმენად მუშაობა დავიწყე. პარალელურად კინოს ამბებზეც ჟურნალისტად მუშაობას განვაგრძობდი…. და როდესაც  ბარმენობის დროს წყვეტა მქონდა, რკინიგზის დეპარტამენტის პრესცენტრშიც კი მიმუშავია.
ასე მუდმივმა მოძრაობამ და სიახლეების ძებნამ, მუდმივმა მუშაობამ საკუთარ თავზე განაპირობა ის, რომ მე, როგორც ბარმენი, გავიზარდე და ჟურნალისტური გამოცდილებაც დამიგროვდა.
იმ პერიოდში დავვოჯახდი და თუ გინდა, რომ ჭაპანი გასწიო და იარსებო, აუცილებელი იყო შემოსავლიანი სამსახური. ბარს დაძაბული გრაფიკი აქვს, შეიძლება 12 და 16 საათიც კი მოგიწიოს მუშაობამ, მეტიც, იყო ერთი ადგილი, სადაც დილიდან დილამდე – 24 საათი ვმუშაობდი ერთი წლის განმავლობაში. საკმაოდ შრომატევადი სამსახურია, მაგრამ საინტერესო. ბარმენობაში ჩემი აკადემიური ცოდნა და განათლებაც მეხმარებოდა, სხვადასხვა უჩინარ კარს მიხსნიდა და სხვადასხვა არეალში გავყავდი.
სულ ძიებაში ვიყავი, ამ გამოცდილებამ განაპირობა. რომ უკვე სხვა პროექტებზე დავიწყე ფიქრი. დავიწყე ფიქრი, გადამეღო ფილმი… რამდენიმე ფილმზე რეჟისორის ასისტენტად ვიმუშავე, ზუსტად ამ პერიოდში დაიბადა იდეა, ბლოგი შემექმნა   და დასტრესილ გარემოში თბილი ტონები შემომეტანა…
– ვიდეობლოგი  „საუბრები ბარმენთან“, როგორც ვიცი, ახალი შექმნილია…
– წელიწადნახევარია, არსებობს… „საუბრები ბარმენთან“  საკმაოდ წარმატებული ვიდეობლოგია და ძალიან საინტერესო ცნობილი ადამიანები სტუმრობენ ჩვენს ბლოგს: https://www.facebook.com/creactiveGR/?fref=mentions&pnref=story.
ყველა თემაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მნიშვნელოვანია მაღალალკოჰოლური სასმელები, მათი ისტორიები, კოქტეილის ისტორიები.
თანდათან დავრწმუნდი, რომ  ადამიანებთან ურთიერთობა მთავარია ცხოვრებაში. ამ ურთიერთობისთვის საჭიროა პროფესიული უნარ-ჩვევები, მაგრამ ამავდროულად საჭიროა ცოდნა, გამოცდილება, და ამ ცოდნით, გამოცდილებით, ურთიერთობით უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მათთან დავმეგობრდი და დღესაც ვმეგობრობ. ამ ყველაფერმა ახალი სტიმული მომცა.
– ახალი კოქტეილების ავტორი ხართ…
– რამდენიმე  ახალი კოქტეილი კი მაქვს. კოქტეილი „ბელა“ ბატონი ჟაკოს წიგნშიც შევიდა.  „ბელა“ ყველაფერ ნათელს და ტკბილს უკავშირდება. მე თვითონაც ტკბილი კოქტეილები მიყვარს. ეს ყველაფერი ჩემში დაგროვდა, აკუმულირდა და ამოხეთქა კოქტეილში. „ბელას“ გარდა სხვა კოქტეილებიც შეიქმნა.
მინდა გითხრათ, მე ვარ ბარმენი, რომელსაც საქართველოში  თითქმის ყველა ტიპის ბარში უმუშავია. ეს არის რესტორანი, ბარი, კაფე-ბარი, სასტუმრო, კაზინო, კლუბი… ამ გამოცდილებამ მე, როგორც ადამიანს, ბევრი რამ მომცა, პროფესიონალურად გამზარდა.
– ტურიზმის კოლეჯ „იკაროსში“ პედაგოგი ხართ…  ამავდროულად – ბარმენთა ასოციაციის  ფორუმებზე სტაჟიანი წამყვანი…  ტრენინგებს ატარებთ ახალგაზრდებისთვის…
– ბარმენობის კურსების გავლის მერეც არ შემიწყვეტია ურთიერთობა და საქმიანობა საქართველოს ბარმენთა ასოციაციასთან, ბატონი ჟაკო ჩემი პედაგოგი და უფროსი მეგობარია და მისგან  მაგალითს დღესაც ვიღებ.
მისი ინიციატივით, ტრენინგებსაც ვატარებ. ბატონი ჟაკოს რეკომენდაციით, ტურიზმის პროფესიულ კოლეჯ „იკაროსშიც“ დავიწყე პედაგოგად მუშაობა.   უკვე 7 წელია იქ ვმუშაობ, მრავალ ახალგაზრდას შევხვედრივარ და გადამიცია ესტაფეტა.
ყველანაირად ვცდილობ, ჩემი გამოცდილება და სიკეთე გადავდო სხვასაც, ქრონიკულად გადავდო, კარგი გაგებით, რომ დამუხტულები შევიდნენ ამ სივრცეში, რაც მათ წარმატებას ხელს შეუწყობს. ზოგი ითვალისწინებს ჩემს რჩევებს,  ზოგი – არა. მაგრამ მეამაყება, რომ მრავალი ახალგაზრდა სწორ გზაზე დავაყენე, დავეხმარე, როგორც პედაგოგი და ბარმენი.
ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ნუ დაიზარებენ არ ითაკილონ შრომა, ყველა სპეციალობა და პროფესია დასაფასებელია.
ტურისტულ სერვისს აქვს თვისება, მუდმივ ურთიერთობაში ხარ, თანაც ეს ისეთი სფერო და სივრცეა, ამ სივრცეში ეს ურთიერთობა ათმაგად  ფასობს. სულ ვეუბნები მოსწავლეებს, რომ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს იმიჯზე, რომ მერე ჩვენმა იმიჯმა იმუშაოს ჩვენზე. აუცილებელია, კეთილი კაცის, კარგი პროფესიონალის სახელი გქონდეს და მომავალში ისევ შენს საქმიანობას წაადგება.
– საინტერესოა, რომ პირველად შეიქმნა ღვინოზე დაყენებული კოქტეილი. ღვინოდ კი   ლეჩხუმური „ტვიში“ შეირჩა…
– ჩვენი კულტურა და ისტორია შესისხლხორცებულია ღვინის წარმოების კულტურასთან, ვაზთან. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, იგულისხმება ღვინო და ვაზი და როდესაც ვაზზე და ღვინოზე ვსაუბრობთ, იგულისხმება საქართველო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენი უმთავრესი სავიზიტო ბარათია.  ახლახან მსოფლიომ გაგვიცნო ღვინის სამშობლოდ. ბორდოში დაიდგა ქვევრი,  აღიარეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას სძენს ჩვენს ქვეყანას.
ამიტომ  ბატონ ჟაკოს ინიციატივით ასოციაციამ  კოქტეილი შექმნა. ზუსტად ის სახელი შევურჩიეთ, რაც საჭირო იყო. კოქტეილს „8 ათასი წელი“ ჰქვია. ეს მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია საქართველოსთვის. წელს გავხდით მსოფლიოს ბარმენთა ასოციაციის წევრიც, რაც ჩვენთვის, როგორც ამ დარგის სპეციალისტებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – ჩვენ გაგვეგებინებინა მსოფლიოს ბარმენებისთვის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომ  ასეთი უძველესი ტრადიციების ქვეყანა და ღვინის სამშობლო ვართ. ღვინის ქვევრში დაყენების. 8 ათასწლოვანი უწყვეტი ტრადიცია გვაქვს, ეს უნიკალური რამაა და ასე შევეხმიანეთ ამ თემას. ვფიქრობ,  ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაინახეს მსოფლიოში.
ბატონ ჟაკო ჯორჯაძეზე მინდა დოკუმენტური ფილმის გადაღება, რადგან ამ ადამიანმა ეს კულტურა ასე განავითარა, მოიტანა დღემდე და ბიძგი მისცა, რომ უფრო კარგი გზით წავიდეს. ვფიქრობ, ახლო მომავალში გადავიღებთ კიდეც.
ძმები შენგელაიების, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმების გარდა, გამორჩეულად გიყვართ ლანა ღოღობერიძის ფილმი „როცა აყვავდა ნუში“…
– ეს ფილმი დღესაც ეხმაურება ახალგაზრდობის პრობლემებს,  დრო გადის, მაგრამ ახალგაზრდული პრობლემები არ მოძველებულა, მართლა მარადიულია პრობლემა, რომელზეც ფილმი მოგვითხრობს. ესაა თაობების ურთიერთობა, ზნეობრივი კომპრომისის თემა…
მას მერე საზოგადოება დიდად არ შეცვლილა. პირიქით, საზოგადოება კი ვითარდება და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის, მაგრამ რაღაც პრობლემები რჩება და ამ პრობლემებს სჭირდება გადაფასება. ეს ჩანს იმ ფილმში და იმდენად აქტუალურია დღევანდელი დღისთვის, რომ გგონია, დღევანდელ ახალგაზრდებზე გადაიღეს. ეტყობა მრავალი ეროვნული მახასიათებელიც აქვს, რაღაცები იმ ეპოქიდან გადმოგვეცა. დღესაც საინტერესო ფილმია.
თქვენ მიერ ჩამოთვლილ გვარებს დავამატებდი რამდენიმეს – ძალიან მომწონს გიორგი ოვაშვილის, ლევან კოღუაშვილის ფილმები, ვფიქრობ, კინოს ახალი გაღვიძების პერიოდი დაუდგა, გამოჩნდნენ რეჟისორები, მათ შორის ქალები ძალიან საინტერესო კინოს იღებენ. ზოგჯერ სოციალურ ფილმებიც ძალიან აქტუალურია, კინემატოგრაფიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია და კონკურსებზე იმარჯვებენ კიდეც.
– ქართული კინოს ფენომენი რომ განსაკუთრებულია, ჯერ კიდევ ფელინმა აღნიშნა, „ქართული კინო სრულიად განსხვავებული მოვლენაა, კოლორიტული, ფილოსოფიურად ნათელი, ძალიან ბრძნული, ბავშვური აქ ყველაფერია, რომ თვალზე ცრემლი მოგადგესმაგრამ დღეს? ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართულმა ფილმმა უწინდელი ბავშვურობა და ნათელი დაკარგა?
– მგონია, რომ მსოფლიოში ამბის მოყოლასთან დაკავშირებით ცოტა კრიზისია. ვგულისხმობ როგორც კინემატოგრაფს, ასევე მწერლობას, მუსიკას… მალევიჩის კვადრატისა არ იყოს, ჩიხურ სიტუაციაშია… მსოფლიო. ამ ყველაფერს ვუკავშირებ ეპოქას, ეს არის ურბანიზაციის, კაპიტალიზმის, ლიბერალიზმის, მომხმარებლური ფსიქოლოგიის ეპოქა, სადაც ყველაფერი ამაზეა მორგებული. ამის გამო მთავარს – სიყვარულის უნარს, ადამიანურ ურთიერთობებს ვკარგავთ. ჩვენ გავხდით მომხმარებლური ცხოვრების ჭანჭიკი,  ჩაბმულნი ვართ იმ ორომტრიალში, სადაც ბევრი კარგი რაღაცისთვის დრო აღარ გვრჩება.
ჩვენ დღესდღეობით  დარდების შემგროვებელნი ვართ, მაგრამ ეს დარდები კარგად უნდა ავკინძოთ და მერე კარგად გავაანალიზოთ…. დარდი ღმერთმა გვაშოროს და მხოლოდ სიკეთე და სიხარული რომ  იყოს ჩვენს ქვეყანაში… სიკეთე და სიყვარული დღეს  სხვანაირად არის გაგებული და დღევანდელ მსოფლიოში მთავარიარ არის. მთავარი სხვა რამაა, რომლებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სულიერება უფრო გაუფასურდა, გადახუნდა… ამიტომ ხელოვანმა, მწერალმა, ჟურნალისტებმა  ხშირად უნდა შეახსენონ საზოგადოებას ამ სულიერებაზე.
ჟურნალისტებზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა… ისინი ობიექტურ სინამდვილეს ემსახურებიან. მაგრამ ირვლივ იმდენი ამბავი და ნარატივია, იმდენი ვერსიაა, ადამიანს უკვე უჭირს გარკვევა და  ყველაფრის მიმართ ინერტული ხდება. მას პროპაგანდის პრიზმაში აწვდიან ინფორმაციას და ვეღარ გაუგია, რომელია სიმართლე და რომელი სიცრუე.  ინტუიციის დონეზე გრძნობს, რომ მთლად ისე არ არის, რასაც ხედავს, ამიტომაც უჩნდება განცდა, შფოთავს, და ინერტული ხდება. ამას ვუკავშირებ ზუსტადაც, რომ ჩვენ ისე ვეღარ ვადევნებთ თვალყურს ყველა კულტურულ მოვლენას და გვგონია, რომ კარგ ფილმებს აღარ იღებენ და ნაწარმოებები აღარ იწერება. გამონათებები არის, მაგრამ ძალიან მცირე და ამ მცირეს უნდა ჩავეჭიდოთ.
– დაბოლოს, რომელი ფილმია თქვენი ბავშვობის ოცნება? ჩვენი საუბრის დროს რამდენჯერმე მითხარით, რომ თქვენი ცხოვრების განმავლობაში ფიქრი კინოს გადაღებაზე არასოდეს შეგიწყვეტიათ… და აი, მოვედით ამ სათქმელამდე…
– მინდა ფილმის გადაღება იმ თემებზე, რა თემებიც დღეს მსოფლიოს აწუხებს. და ეს ერთ რაკურსში უნდა განვიხილო. დღევანდელი მსოფლიო სულ სხვა მსოფლიოა. დღევანდელ მსოფლიოს ყველა კუთხესა და რეგიონში აქვს თითქმის ერთი და იგივე პრობლემები… ეს არის მექანიკურობა, მომხმარებლური საზოგადოების ფსიქოლოგია, რომელიც ძალიან დიდ ტვირთად აწევს მრავალ კულტურას, მათი თვითმყოფადობის და ინდივიდუალურობის დამთრგუნველიც კი არის ზოგიერთ შემთხვევაში.
მე მომხრე ვარ, რომ კულტურათა ეს მრავალფეროვნება, რაც დღეს არის მსოფლიოში, უფრო მეტად და მეტად გამოვლინდეს. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ადამიანს, ინდივიდს და ასევე იმ კულტურას, რომელიც ჩვენში ასე საინტერესოდ  არსებობს და რომელიც საუკუნეებიდან გადმოგვეცა.
დღეს სიკეთისა და სინათლის  ნაკლებობაა, სად მართალია და სად მტყუანია, ვეღარ გაარკვევ. ამ პიარმა, კომერციალიზაციამ განაპირობა, რომ ყველაფერი იყიდება. ამას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ისე შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ადამიანს უჭირს გარკვევა, რა ყალბია და რა მართალია.
რაზე იქნება ჩემი ფილმი? სცენარი უკვე დავიწყე  და აუცილებლად დავასრულებ. ამ ამბებში არ გამოვრიცხავ ყოფით სიტუაციებს, სოციალურ ამბებს, რაც ჩვენ გარშემოა. რა ხერხებით და რა ფორმით გავუზიარო გულისნადები ადამიანებს?  ის გამოცდილება, რაც დამიგროვდა,  და რაც ჩვენს თაობას დაუგროვდა  (მაინც თაობის სახელით გამოვდივარ) საინტერესო უნდა იყოს შემდეგი თაობებისთვის, უფრო ახალგაზრდებისთვის, რომ უფრო კარგად გაარჩიონ – თეთრი და შავი.
ისეთ ეპოქაში ვართ, ტექნოლოგიები იხვეწება,  მსოფლიო განვითარების სხვა ფაზაში გადადის.  ჩვენ რომ დავრჩეთ ადამიანებად და ვიყოთ ინდივიდები, აუცილებელია, ის სახე შევინარჩუნოთ, ვინც ვართ. ხელოვნება და კინემატოგრაფი არ უნდა იყოს მარტო ხელოვნებისთვის, უნდა იყოს ხალხისთვის. და როცა ადამიანი მას ნახავს, ის უკეთესი გახდეს, ვიდრე იყო.
მე ადამიანებს განვიხილავ, როგორც პლანეტებს, კოსმოსს. თითოეული ადამიანი ჩემთვის პლანეტა და კოსმოსია. დავფიქრებულვართ,  არის ეს ჩვენი ნამდვილი იერსახე? ხანდახან მგონია, რომ ის იერსახე, რითაც გვიწევს ცხოვრება, ჩაცმა, ყოფა, საუბარი,  ინტონაცია,   თავსმოხვეულია და საკუთარი არ არის. როდესაც მას აკნინებენ, შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გაიცნო ადამიანი, თანდათან  მცირდება… ძალიან მაინტერესებს, რა არის ჩვენი იერსახე. ფილმიც ამაზე იქნება.
ერთ ჟურნალისტს ვუთხარი, მე ვარ ჭურჭელი, რომელიც უნდა აივსოს. როცა აივსება, მე აუცილებლად ფილმს გადავიღებ. ვერ ვიტყვი, რომ მთლად ბოლომდე სავსეა, მაგრამ ცოტა აკლია.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები