ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო

0

ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელშეწყობას, საჯარო მმართველობაში გენდერული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით.

პროექტის მთავარი პარტნიორი და ბენეფიციარია გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია. კომისიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტი მიზნად ისახავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული გენდერული თანასწორობის, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მექანიზმი ახალია და შეესაბამება იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას აძლევდნენ, ბუნებრივია, მას ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს 19-თვიანი პროექტი, რომელსაც ევროკავშირი შვედური კომპანია NIRAS-ის მხარდაჭერით განახორციელებს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა კომისიის საქმიანობა იყოს მეტად ეფექტიანი და შედეგის მომტანი”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

პროექტის პარტნიორები ასევე არიან – ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.

პროექტი შექმნის პლატფორმას საქართველოში, რომელიც უწყებათაშორის კომისიას და დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ექსპერტების გამოცდილებას, რესურსებს და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ.

პროექტი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება – ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით; სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის. პროექტის სამიზნე რეგიონებია თბილისი, გორი და ზესტაფონი.

ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის მაისში დასრულდება. მთავარი კონტრაქტორია NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი – CPM.

პროექტის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, ხელისუფლების, ევროკავშირის წარმომადგენლობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების გათვალისწინებით (სტამბოლის კონვენცია), ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სტამბოლის კონვენციის ვალდებულებების შესრულების საკითხში.

საქართველოში არსებობს გენდერული თანასწორობის მდგრადი მექანიზმი, რომლის ფუნქციონირებას ხელს უწყობს 2017 წლის ივნისში დაარსებული გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია.

კომენტარები

კომენტარი