დანა 5-ჯერ მომიქნია, ორჯერ დამარტყა, – რას ყვება დაცვის მეორე წევრი ინციდენტის ღამეზე

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი დაცვის ერთ-ერთი წევრი ილია კიკილაშვილი „კვირასთან“ საუბარში 13 იანვრის ღამის დეტალებს იხსენებს. დაზარალებული ამბობს, რომ თამაზ ქვლივიძემ დანა 5-ჯერ მოუქნია, აქედან ორჯერ დაჭრა და შემდეგ გამოეკიდა.

ილია კიკილაშვილს დაზიანება მარცხენა ხელზე ორ ადგილას აღენიშნება, ერთი ხელის მტევანთან და მეორე მკლავის ზედა ნაწილში.

„ხუთჯერ მომიქნია დანა და ორჯერ მომხვდა. დაცვის თანამშრომელი რომ არ დამხმარებოდა, თავში მირტყამდა, უკვე ორჯერ დაჭრილს. ფაქტობრივად, ჩემმა თანამშრომელმა გადამარჩინა, რომ არა ის, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი“, – ამბობს ილია კიკილაშვილი „კვირასთან“ საუბარში და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ პირის სახელსა და გვარს არ ასახელებს, ვინც დაეხმარა.

როგორც დაზარალებული ჩვენთან საუბარში იხსენებს, თავდამსხმელმა ჯერ პოლიციის თანამშრომელი დაჭრა, შემდეგ დაცვის უფროსი ზვიად მესხი და ბოლოს მას მიაყენა დაზიანებები.

„ფეის კონტროლმა“ არ შეუშვა, მე არ ვიცი იქ რა კრიტერიუმებით ხდება შეშვება-არ შეშვება, ეს მათი პრეროგატივაა. მე მათთან პოლემიკაში არ ვერთვები, თუ რატომ, რისთვის და ა.შ. როდესაც ადამიანზე არის უარი, ის შიგნით ვერ შედის. როდესაც ვერ შევიდნენ, დაიწყეს ჩვენი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოწოდებისა, დაეტოვებინათ კლუბის ეზოს ტერიტორია, უარესად იქცეოდნენ. ჩვენ, დაცვის წარმომადგენლები, შევეცადეთ ტერიტორიის გარეთ გადაგვეყვანა, რაზეც არ გვემორჩილებოდნენ, აგრძელებდნენ შეურაცხყოფის მოყენებას და კლუბის გარეთ როგორც განვითარდა მოვლენები, უკვე მთელმა საქართველოს იცის“, – ამბობს კიკილაშვილი და დასძენს, რომ 6 წელია, დაცვაში მუშაობს და მსგავსი რამ პირველად მოხდა.

მისივე თქმით, ორივე პიროვნება აგრესიით გამოირჩეოდა, თუმცა დანა მხოლოდ ერთს ჰქონდა, იარაღის არ მქონე კი, მეგობარს ეხმარებოდა.

კითხვაზე, ნანახი ჰყავდა თუ არა რომელიმე პიროვნება აქამდე, ან სახეზე თუ იცნო, ამბობს, რომ არა -„ მე სხვადასხვა ადგილას ვარ, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ, ხან კლუბში… ასე ვერ ვიტყვი… დღის განმავლობაში 1000 ადამიანი მაინც მოძრაობს“.

ილია კიკილაშვილის თქმით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება კლუბის ადმინისტრაციამ გამოიძახა.

„სასწრაფომ დააგვიანა, დაახლოებით 20 წუთზე მეტი დასჭირდა, რომ მოსულიყო. სანამ სასწრაფო მოვიდა, ბევრი სისხლი და გონებაც დავკარგე. ადვოკატი რომ ამბობს, უბრალო ნაკაწრებიაო, მე ჩემი ჭრილობის ფოტოს დავუდებ ცხვირწინ, ეს ნაკაწრია თუ ჭრილობა?! ადვოკატიც და მისი მამიდაც ამბობს, საყვარელი ბიჭიაო და ამართლებენ. ერთი კაცი რომ დაჭრა, მერე მეორე და მერე მე ორჯერ, თან 5-ჯერ მომიქნია დანა, მითუმეტეს გამომეკიდა და მაინც ცდილობა კიდევ ჩემს დაჭრას, ეს არის მისი მოსიყვარულე ბიჭი?! მე დაველოდები სასამართლოს და მერე ვიფიქრებ დანარჩენზე. მამიკოს ფულები ვერ უშველის ვინც დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს. დამარტყა ერთხელ, გამომეკიდა და მეორედ რომ დამარტყა, მაინც არ ჩერდებოდა. მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეგ ადამიანი კიდევ ბევრს გაამწარებს და სანამ დროა, პასუხი უნდა აგოს დანაშაულზე. მე ვეცდები ყველანირად, სიმართლე არ დაიმალოს და დამნაშავე დაიჭირონ. ის ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება“,- აცხადებს „კვირასთან“ საუბარში ილია კიკილაშვილი.

მან დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს თამაზ საველიევს გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა პოლიციელს მადლობა გადავუხადო, რომ ზვიად მესხი გადაარჩინა და ბრალდებული დააკავა. თამაზ საველიევი რომ არ ყოფილიყო, ის გაიქცეოდა“,- აღნიშნა ილია კიკილაშვილმა.

კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტი 13 იანვარს, ღამით მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი პოლიციელი და დაცვის ორი წევრი დაიჭრა. დაკავებულ თამაზ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დღეს კი, სააპელაციო სასამართლომ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველემა ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები