სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავების ფაქტს შს მინისტრი არ ადასტურებს
კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით, ჯერ დაკავებული არ გვყავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში ეცნობება.
„გუშინ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, ეს გახლავთ მაღალი პროფესიონალური დონის რამდენიმე სპეციალისტი, საკმაოდ დიდი ჯგუფია. საქმეზე საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში კონკრეტულ შედეგებს ველოდებით. გვესმის, რომ ეს რეზონანსული საქმეა და ხვალინდელი დღიდან, მას შემდეგ რაც აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დიდი ნაწილი დასრულდება, საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთობის ჭრილში და ინფორმაცია ღიად იქნება გაზიარებული, –აღნიშნა შს მინისტრმა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა ნახა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.