თურქეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები შეჩერდა
თურქეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები შეჩერდა.
დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების განმარტებით, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის საკითხები განიხილება, მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.
სარფში დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს.
1 იანვრიდან თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი გამკაცრდა. ახალი წესის თანახმად. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში სამუშაოდ, ახალი რეგულაციების თანახმად, მათი თითოეული გადასვლა (თუნდაც ერთი საათით) აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის 1 დღე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურ სამუშაოზე თურქეთში გადამსვლელებს ამიერიდან 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით გადასვლის უფლება ექნებათ.
ეს გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.