დავით კოდუას მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ბინზნესმენ დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა თეონა ხოჭუამ განაცხადა. მისი თქმით, კოდუა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. მას განმეორებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, კერძოდ, თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევა. დადგინდა, რომ არის მცირე ზომის სისხლჩაქცევა. კლინიკურად, პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ”, – განაცხადა თეონა ხოჭუამ.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი – ნოშრევან ნამორაძე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ნამორაძე ყვება, თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა.