საერთაშორისო ცენტრში უნგრული პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო
“სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში უნგრული პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო”,-ამის შესახებ ინფორმაცის განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.
2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას, უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის, უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.
„პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე: ბაკალავრიატი – 25, მაგისტრატურა – 25, დოქტორანტურა – 20, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა – 5, სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5.
პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებას, იმ სტიპენდიატებისთვის, ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/მათემატიკა; ბიოლოგია/ფსიქოლოგია; აგრარული მეცნიერებანი; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სოციალური მეცნიერებანი; ჯანდაცვა; სპორტის მეცნიერებანი; ხელოვნება“,-ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ცნობით, ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე – 2018 წლის 16 იანვრიდან – 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.
ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიანტები 2018-2019 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში).
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.
საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2018 წლის ივნისის ბოლოს.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს 16 იანვრიდან 16 თებერვლამდე ყოველ ხუთშაბათს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II
ტელეფონი: 032 2 97 01 97
ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
ვებ-გვერდი: iec.gov.ge