შსს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, 2014 წლის აპრილი 390 685 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,1%-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 396 952 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,4%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება ასეთია: ა) ტურისტი – 519 482 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,1%); ბ) ტრანზიტი – 267 684 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28%); გ) სხვა – 609 786 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).
2014 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-14,6%), აზერბაიჯანიდან (+14,1%), სომხეთიდან (+12,4%), რუსეთიდან (+41,3%) და უკრაინიდან (+22,2%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–აპრილშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: პოლონეთი, ლიტვა, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები და გერმანია (შესაბამისად, 101%, 65%, 28%, 18%, 16% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (21%), ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ისრაელი – 34%, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვის მოქალაქეები 50% და 19%–იანი მატებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები