მედდის დახვრეტამ უკრაინელების აღშფოთება გამოიწვია
კრამატორსკში უკრაინელი ძალოვანების ერთ-ერთი მსხვერპლი 21 წლის იულია იზოტოვა გახდა. ის და მისი სამი მეგობარი ჯარისკაცებმა მაშინ დაცხრილეს, როდესაც ცდილობდნენ მანქანით გაცლოდნენ არეულობის ადგილს. გოგონამ ცოტა ხნის წინ დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი და დაჭრილ ჯარისკაცებს დახმარებას უწევდა, ისინი საგუშაგოებთან გადაჰყავდა და მათთვის წყალი და საჭმელი მიჰქონდა.
ღამით, როდესაც კრამატორსკზე იერიში მიმდინარეობდა და საგუშაგოზე დარჩენა საშიში გახდა, იულია იზოტოვა და მისი სამი მეგობარი ქალაქისკენ წასვლას შეეცადნენ. ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ მათ ცეცხლი გაუხსნეს. სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. იულია კი, რომელსაც ორი ტყვია მოხვდა, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში გარდაიცვალა.
იულიას ინტერნეტგვერდზე ხალხი არ წყვეტს თანაგრძნობის წერილების წერას; ,,მადლობა იულიას მშობლებს ასეთი შვილის გაზრდისთვის. ასეთის პატიება და დავიწყება არ შეიძლება! გახსოვდეთ, იგი საყვარელი ქალაქის და ხალხის გამო დაიღუპა. შენ ამ განუკითხაობის ერთ-ერთი მსხვერპლი ხარ, შენს თვალებში მთელი უკრაინის ტკივილი აისახა. რაში სჭირდება მსოფლიოს გაერო, თუკი ახალგაზრდა გოგონა თავისივე ქვეყნის ჯარისკაცის ტყვიით იღუპება?“, – წერენ შეძრწუნებული ადამიანები სოციალურ ქსელებში, მის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქალაქში ჩატარებული ოპერაციის დროს ათამდე ადამიანი დაიღუპა თხუთმეტი კი საავადმყოფოში მოათავსეს. სოციალურ ქსელში მოხვდა ფსიქოლოგიური ანკეტის ასლი, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი. მე-17 პუნქტში მათ უსვამენ კითხვას, არიან თუ არა ისინი მზად, ესროლონ ქალებს. უფრო ზუსტად, შეძლებენ თუ არა ისინი შეასრულონ სროლის ბრძანება, თუკი ,,სეპარატისტები თავს ქალებს აფარებენ, ქალებს, რომელნიც მათი მხარდამჭერნი არიან“,- ამ კითხვას ჯარისკაცებმა დონბასში გადასვლამდე უნდა გასცენ პასუხი.