“ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს რომ ადამიანებს არ უწევდეთ ქუჩაში ანგარიშსწორება“
მესმის, რომ თავდასხმა დავით კოდუაზე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, არის ელემენტარული გაუბედურებული ადამიანის შურისძიება – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დავით კოდუას ცემის ფაქტს.
მისი თქმით, დავით კოდუასთან დაკავშირებული ინციდენტი მოწმობს, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ადამიანებს ქუჩაში არ უწევდეთ ანგარიშსწორება.
“პირველ რიგში ცალსახად მინდა დავგმო დავით კოდუას წინააღმდეგ განხორციელებული ფაქტი. ყველანაირი ტიპის ძალადობა არის დაუშვებელი, თუკი ჩვენ უნდა ვიყოთ და ვართ ცივილიზებული საზოგადოება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ იყო გარკვეული პრეტენზია ძალადობის ავტორის მხრიდან და შეხვედრამ გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ეს ის მეთოდი არ არის, რომლითაც შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუსწორო. ეს ამავე დროს მოწმობს იმას, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ადამიანებს არ უწევდეთ ქუჩაში ანგარიშსწორება და ეს სამართლებრივ ჩარჩოში გამოძიების, თუ ადეკვატური სასჯელის მისჯის გზით უნდა ხერხდებოდეს და არა ქუჩაში კერძო პირებს შორის ანგარიშსწორებით. მომხდარი თავდასხმა არის მიუღებელი და იმედი მაქვს, მსხვერპლი მალე გამოჯანმრთელდება. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც გაღიზიანებულია “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი არაადამიანური მმართველობით, მოვუწოდო იმისკენ, რომ გვევალება ვიფიქროთ ქვეყანაზე და საკუთარ თავზე, რადგან ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ნუ გავხდებით უნებურად სხვადასხვა გაუგებრობების მსხვერპლი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებსაც გამოეხმაურა და მოუწოდა “ნუ იქნებიან ბოროტად გახარებული იმით, რაც დავით კოდუას დაემართა”. “მესმის, რომ თავდასხმა დავით კოდუაზე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, არის ელემენტარული გაუბედურებული ადამიანის შურისძიება. ნუ გაუხარდება ეს ფაქტი “ნაციონალურ მოძრაობას” და ნუ გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად. მომხდარს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს და პროკურატურა ყველა ღონეს მიმართავს, რომ სიმართლე დადგინდეს. მომხდარი ითხოვს გამოძიებას და უნდა მიეგოს პასუხი პასუხი თითოეულ მათგანს იმაზე, რაშიც დამნაშავენი არიან ერთმანეთთან ურთიერთობაში. როგორც ჩანს, დავით კოდუას ამ ადამიანის წინააღდმდეგ რაღაც ჰქონდა წარსულში ჩადენილი”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.