ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „სოციალური მუშაობის შესახებ” კანონის პროექტთან დაკავშირებულ განხილვას აგრძელებს

„სოციალური მუშაობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის ინიციატივით მომზადდა,  დღეს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კანონპროექტი საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებზე ვრცელდება, განსაზღვრავს მათ სამართლებრივ სტატუსს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს. სამუშაო შეხვედრაში ჩართულია ყველა ის დაინტერესებული მხარე, რომელსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღოს ამ პროქტის შემუშავებაში. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრამდე კანონის პროექტის სამუშაო ვერსია გაეგზავნა საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საქართველოში მოქმედი სოციალური მუშაობით დაინტერესებული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც შეხვედრამდე შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ შენიშვნები. კანონის პროექტის სამუშაო ვერსია ამასთანავე განთავსდა საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე, სადაც ყოველ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მას და წარმოადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის პროექტის მიღების და რეფორმის გატარების შემდეგ სერიოზული ცვლილებები გვექნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, იმიტომ, რომ სოციალური მუშაკი არის სახელმწიფოს სწორედ ის წარმომადგენელი, რომელიც პირველად შემხებლობაშია, ზოგადად, ყველაზე მოწყვლად ფენებთან –  ესენი  არიან სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, კონკრეტულ შემთხვევებში – ბავშვები და უამრავი სხვა მოწყვლადი ჯგუფი, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოწვევები, პრობლემები და სახელმწიფოც სწორედ პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს მათზე.  აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკის რეფორმა სწორად განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სოციალური მუშაკის დაცვის გარანტიებიც არის ძალიან ფართოდ მოცემული ამ პროექტში – როგორც მათი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები, ასევე მათი სოციალური სხვა გარანტიები – მათი დაცულობა, უსაფრთხოება და ა.შ. ძალიან საჭირო პროექტია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და ამაში მონაწილეობას ღებულობდეს ყველა ის დაინტერესებული მხარე, რომელსაც აქვს შეხება სოციალურ მუშაკთან”, –  განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის  ინფორმაციით, შენიშვნები და კომენტარები იქნა მოწოდებული როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სტრუქტურების მხრიდან, რომელთა უმრავლესობაც უკვე გათვალისწინებული და ასახულია პროექტის სამუშაო ვერსიაში.  სოფო კილაძემ მადლობა გადაუხადა ფრიდრიხ ებერტის ფონდს (Frierdich Ebert Stiftung) და მის წარმომადგენლობას, დემოკრატიის განვითარების სააგენტოს,USAID-ს, სახელმწიფო უწყებებს  მხარდაჭერისა და იმ დიდი წვლილისათვის, რაც მიუძღვით მათ ამ პროექტის შემუშავებაში.

კანონპროექტის სრულყოფილად შემუშავებისათვის შეხვედრები იგეგმება ასევე აკადემიურ საზოგადოებასთან – სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ვინაიდან სოფო კილაძის განცხადებით, ეს პროექტი მნიშვნელოვანწილად აღნიშნულ სფეროში კადრების განათლებასაც ეხება. შემდეგ შეხვედრები რეგიონებშიც შედგება როგორც სოციალურ მუშაკებთან, ასევე ბენეფიციარებთან.

„ჩვენ ვგეგმავთ  ასევე შეხვედრებს მოსახლეობასთან, ბენეფიციარებთან, თავად სოციალურ მუშაკებთან რეგიონებში და შევეცდებით, რომ მანამ, სანამ პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებს, ყველა პოზიციას გავეცნოთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ”, – აღნიშნა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები